საჩხერეში, მოდინახეს ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა

1589

საჩხერის მუნიციპალიტეტში მდებარე მოდინახეს ციხეს 2018 წლის 11 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის შესაბამისი ბრძანებით ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა.

ციხე აგებულია მაღალი მთის ქიმზე. ის შედგებოდა ორი ნაწილისგან: ქვედა ციხე და ზედა ციხე (ორ ტერასაზეა განლაგებული).

ციხის აშენებასთან დაკავშირებით არსებობს ლეგენდა: პაპუნა წერეთელს მოწონებია აბაშიძის ქალი, მაგრამ თავადს მისთვის უარი შეუთვლია – უციხო წვივშავიძეს ქალს როგორ გავატანო. პაპუნა წერეთელს ქალის მოსაპოვებლად მთაზე ციხე აუგია და შეუთვლია სასიმამროსთვის მოდი და ნახეო. აქედან მოდის ციხის სახელიც. ვახუშტი ბატონიშვილი ციხეს მაგარს მტრისგან უბრძოლველს უწოდებს. ამ თავდაცვისუნარიანობის გამო იყო, რომ მოდინახეს ციხეში 1766 წ. ოსმალთა შემოსევის დროს თავს აფარებდა იმერეთის მეფე სოლომონ პირველი ოჯახთან ერთად. მოდინახეს ციხე წერეთლების საკუთრება იყო, მაგრამ 1967 წლიდან მათ ციხე მეფეს გადასცეს, თუმცა მალე ისევ წერეთლებმა დაიბუნეს და ბოლოს პაპუნა წერეთელს დარჩა. 1810 წლისთვის მოდინახეს ციხე რუსეთის წინააღმდეგ აჯანყებულ იმერელთა თავშესაფარი იყო, მაგრამ აჯანყების დამარცხების შემდეგ აქ რუსის ჯარი ჩადგა. ციხის ქვემოთ, მთის სამხრეთ ფერდზე 1966-1970 წლების არქეოლოგიური გათხრების შედეგად (ხელმძღ. ჯ. ნადირაძე) გამოვლენილია ადრებრინჯაოს, გვიანბრინჯაოს და ადრეანტიკური ხანის ნამოსახლარების კვალი კერამიკული ნაწარმით, საბრძოლო იარაღითა და იატაკის ნაშთით. აქვე შესწავლილია ადრეანტიკური, ელინისტური და გვიანანტიკური ხანის სამარხები. გათხრების შედეგად აღმოჩენილი მასალა დაცულია შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში. გვიანანტიკურიდან მოყოლებული მთელი შუა საუკუნეების მანძილზე აქ ადამიანის აქტივობის კვალი ჯერ-ჯერობით დაფიქსირებული არ არის.