თხილამურსა და სნოუბორდში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ბაკურიანსა და გუდაურში ჩატარდება

წინა სტატია

თავისუფალი სტილით თხილამურსა და სნოუბორდში სრიალის 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოში, კერძოდ კი ბაკურიანსა და გუდაურში გაიმართება. გადაწყვეტილება საბერძნეთში, 17 მაისს გამართულ კონგრესზე საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ მიიღო.

ჩემპიონატის საქართველოში გამართვაზე, ქვეყანამ ოფიციალური განაცხადი 2017 წლის აპრილში წარადგინა. მანამდე კი, გასული წლის თებერვალში, პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ეს საკითხი  სენტ მორიცში შეხვედრისას, სათხილამურო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ჯან ფრანკო კასპერს გააცნო.

“FIS-ის ექსპერტთა ჯგუფი, მსოფლიო ჩემპიონატისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ტექნიკური ინსპექციის განხორციელების მიზნით, ქვეყანას გადაწყვეტილების მიღებამდე რამდენჯერმე ეწვია. პროცესში აქტიურად იყო ჩართული ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, აგრეთვე საქართველოს სათხილამურო ფედერაცია.

2023 წელს საქართველოში, დაბა ბაკურიანსა და გუდაურში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება უმნიშვნელოვანესი სპორტული მოვლენაა, რომელიც უდიდეს როლს შეასრულებს ზამთრის სპორტის სახეობების განვითარებაში, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობასა და საერთაშორისო სტანდარტების ინფრასტრუქტურის განვითარებაში. ამასთან, მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა კიდევ უფრო გაზრდის ქვეყანის ცნობადობას და საქართველოს მთის კურორტებით ტურისტების დაინტერესებას“, – წერია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები