ცნობილია ადგილები თბილისში, სადაც საზოგადოებრივი საპირფარეშოები განთავსდება

910

წინა სტატია

ცნობილია ადგილები თბილისში, სადაც საზოგადოებრივი საპირფარეშოები განთავსდება. ინფორმაციას ბიზნესპრესნიუსი”  შპს „კონსალტინგ გრუპზე“ დაყრდნობით ავრცელებს, რომელმაც დედაქალაქში ევროპული სტანდარტების შესაბამისი საპირფარეშოები უნდა დაამონტაჟოს.

მათი ინფორმაციით, პირველი ათი საპირფარეშო თბილისის ყველაზე ხალხმრავალ ადგილებში, სავარაუდოდ, 10-15 ივნისის პერიოდში დამონტაჟდება.

„100 საპირფარეშო უკვე გამზადებულია ევროპაში მდებარე ქარხანაში. დაახლოებით ერთ კვირაში გამოიგზავნება საქართველოში და მათი მონტაჟი, სავარაუდოდ, 10-15 ივნისს დაიწყება.

თავდაპირველად შევარჩევთ 10 მისამართს. პირველი მისამართი ალბათ, რიყის პარკი იქნება და ოფიციალური გახსნის ღონისძიებაც სწორედ იქ ჩატარდება. ასევე, თავდაპირველ ადგილებში მოხვდება სააკაძის მოედანი, პეკინის ქუჩა და ა.შ. ამას უკვე დედაქალაქის მერიასთან შეთანხმებით გავაკეთებთ. დანარჩენი 20 საპირფარეშო კი ეტაპობრივად, ივნის-ივლისის თვეებში დამონტაჟდება“, – აღნიშნავენ „კონსალტინგ გრუპში“.

გასულ წელს სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ გამართულ აუქციონში, რომელიც დედაქალაქის მასშტაბით საზოგადოებრივი საპირფარეშოების მოწყობას გულისხმობს, შპს „კონსალტინგ გრუპმა“ გაიმარჯვა. რეტერატების მოსაწყობად 30 ადგილი აუქციონში გამარჯვებულ კომპანიას ოცწლიანი სარგებლობის უფლებით გადაეცა.

როგორც მაშინ დედაქალაქის მერიაში განმარტავდნენ, აუქციონის პირობების თანახმად, საზოგადოებრივი საპირფარეშო ადაპტირებული უნდა იყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, საინფორმაციო წარწერებზე გათვალისწინებული უნდა იყოს ბრაილის შრიფტი და, ამასთან, აღჭურვილი ბავშვის გამოსაცვლელი მაგიდით. თანამედროვე, ავტომატიზირებული მასალებით.

მოპირკეთებული საზოგადოებრივი საპირფარეშოს მოვლა-პატრონობასა და სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვაზე პასუხისმგებელი იქნება მოიჯარე, რომელიც ასევე ვალდებულია უზრუნველყოს ცხელი ხაზის მუშაობა კვირაში 7 დღის განმავლობაში, 24-საათიანი სამუშაო რეჟიმით.

როგორც  დედაქალაქის მერიის ქონების მართვის სააგენტოში აცხადებენ, 30 საზოგადოებრივი საპირფარეშოს მოწყობა გასული წლის პირველ დეკემბერს უნდა დასრულებულიყო, თუმცა მიწისქვეშა კომუნიკაციებთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ვადებმა მაისამდე გადაიწია.

საზოგადოებრივი საპირფარეშო იფუნქციონირებს ნაღდ ანგარიშსწორებაზე, ან/და სპეციალურ ბარათებზე (მაგ. „მეტრომანი“).

საზოგადოებრივი საპირფარეშოები განთავსებული იქნება შემდეგ მისამართებზე: 1. მ/ს დიდუბე, ქვედა შესასვლელი; 2. ორთაჭალის ავტოსადგურის მიმდებარედ გულიას ქუჩა; 3. ჩაჩავას ქ. #1-ის მიმდებარედ; 4. ჭავჭავაძის გამზირი #30-ის მიმდებარედ; 5. მ/ს ისანის მიმდ. წამებულის ქ. #76 მოპირდაპირედ; 6. ორთაჭალის ავტოსადგურის მოპირდაპირედ გულიას ქ; 7. სააკაძის მოედანი; 8. ათონელის ქ. ალექსანდრეს ბაღი; 9. მ/ს დიდუბე. ზედა შესასვლელი; 10. ყაზბეგისა და პეკინის ქუჩების კვეთა; 11. სადგურის მოედანი 1; 12 რიყის პარკი-2; 13. მ/ს ავლაბართან; 14. კიკვიძის ბაღი-2; 15. კიკვიძის ბაღი -1; 16. საბურთალოს სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორია; 17. კუს ტბის მიმდებარედ; 18. ბაგები, სტუდქალაქის ტერიტორიაზე, ავტობუსების ბოლო გაჩერებაზე; 19. კახეთის გზატკეცილი-1 (ლილო); 20. კახეთის გზატკეცილი-2 (ლილო); 21. მტკვრის მარცხენა სანაპირო (ელიავას ბაზრობის მიმდ.); 22. აგლაძის ქუჩა #11ა მიმდ. (ელიავას ზედა შესასვლელთან); 23. დიღმის მასივი, მაიაკოვსკის სახ. სკვერი; 24. დიღმის მასივი, ე. მიქელაძის ქუჩა #12; 25. დ. აღმაშენებლის გამზირი #19, სკვერში; 26. გურამიშვილის ქუჩა მ/ს სარაჯიშვილი-ს მიმდ; 27. ც. დადიანის ქუჩა მ/ს ნაძალადევის მიმდ; 28. ც. დადიანის ქუჩა გადასასვლელი ხიდის მიმდ; 29. წინამძღვრიშვილის ქუჩა დეზერტირების მიმდ; 30. ა. წერეთლის გამზირი დინამოს მიმდებარედ.