სკოლებისა და ბაღების მიმდებარედ საგზაო ინფრასტრუქტურას შეისწავლიან

612

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციამ სკოლებისა და სკოლამდელი დაწესებულებების მიმდებარე საგზაო ინფრასტრუქტურის საკითხების შესწავლა დაიწყო.

ასოციაციაში აცხადებენ, რომ ბევრი ავტოსაგზაო შემთხვევა ხდება უშუალოდ სკოლების მიმდებარედ, სადაც ყოფილა ბავშვთა მსხვერპლიც.

“გვაქვს მიზანი, რომ დაიწყოს “სასკოლო ზონის” პრინციპის დანერგვა, სადაც იმოქმედებს საგზაო უსაფრთხოების განსაკუთრებული და თანამედროვე სტანდარტები. ამისთვის პირველ რიგში საჭიროა აღრიცხვიანობა, რის შემდეგაც ვგეგმავთ მივმართოთ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს,” – აცხადებენ ასოციაციაში.

“გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენს ხელთ არსებული ინფორმაცია “სახიფათო სკოლების” შესახებ, რაც საშუალებას მოგვცემს შევქმნათ სრულყოფილი საინფორმაციო ბაზა”, – ნათქვამია ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ორგანიზაციის ცნობით, ინიციატივა მნიშვნელოვანია ბავშვების უსაფრთხოებისათვის, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში გარდაცვლილია 100-მდე და დასახიჩრებულია 2 500-ზე მეტი ბავშვი, რაც საშუალო ევროპულ მაჩვენებელს 4-ჯერ, ხოლო საუკეთესოს 7-8-ჯერ აღემატება.