თბილისში კონფერენცია „გენდერული თანასწორობის გაძლიერება ადგილობრივ დონეზე“ გაიმართა

თბილისში საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისა და პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით, პირველი ეროვნული  კონფერენცია – ,,გენდერული თანასწორობის გაძლიერება ადგილობრივ დონეზე“ გაიმართა.

კონფერენციაში მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიიღეს.

„ჩვენი მიზანია ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის კოორდინაციის გაძლიერება თვითმმართველობის დონეზე გენდერული თანასწორობის პოლიტიკის უფრო ეფექტური განხორციელებისათვის. ამ მიზნით ჩვენ გავაფართოვეთ ჰორიზონტალური და ვერტიკალური კოორდინაციის ინსტრუმენტები.

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაცია, როგორც ევროსაბჭოს ინიციატივით შექმნილი ორგანიზაცია, ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციური გაძლიერებისა და ადგილობრივი დემოკრატიის ხელშეწყობის თვალსაზრისით, არის საუკეთესო მექანიზმი მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოებისა და ზოგადად, ადგილობრივი გენდრული პოლიტიკის კოორდინირებისათვის. ამ მოტივების საფუძველზე შევქმენით ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის გენდერული თანასწორობის პლატფორმა,“-განაცხადა თბილისის საკრებულოს წევრმა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ვიცე-პრეზიდენტმა თამარ ტალიაშვილმა.

კონფერენციის ძირითადი ნაწილი საქართველოს გენდერული თანასწორობის შესახებ კანონში 2016 წელს შესულ შესწორებებს დაეთმო, რომელიც  საკრებულოებში გენდერული თანასწორობის საბჭოების შექმნას, ასევე მუნიციპალიტეტების მერიის აპარატში გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე მოხელის თანამდებობის შემოღებას გულისხმობს.

ღონისძიება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI)  და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით გაიმართა.

მსგავსი სიახლეები