ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე, ახლადდაგებულ ასფალტზე ბალახი ამოვიდა

791

ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე, ერთი თვის წინ დაგებულ ასფალტზე ბალახი ამოვიდა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ადგილობრივები უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებზე საუბრობენ. მათი განცხადებით, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე N5 ბინასთან, ტროტუარზე ბალახი გზის მოასფალტების დასრულებიდან, რამდენიმე კვირაში შეამჩნიეს და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს დაუკავშირდნენ.

“ვუთხარი, ახალი ფენა გადააგეთ ან რამე დაასხით ეს მცენარეები რომ გახმნენ–მეთქი. ასფალტის დაგებიდან ერთ თვეში რომ ასეთი სიტუაციაა, მერე რა იქნება წარმოგვიდგენია”, – აცხადებს ადგილობრივი.

ეზოში ასფალტი შპს “მესხეთავტოგზამ” დააგო. კომპანიამ სამუშაოები 2017 წლის შემოდგომით დაიწყო და წელს, აპრილის ბოლოს დაასრულა. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 61 502 ლარი დაიხარჯა.

სამუშაოთა მწარმოებლის, ფრიდონ ტატალაშვილის განმარტებით, დაზიანებულ მონაკვეთს ამოჭრიან და ახალ ასფალტს დააგებენ.

“გარდამავალი ობიექტი იყო. ეზო შემოდგომაზე შევავსეთ შებენით და ღორღით. შეიძლება რომელიმე მცენარის ფესვი შეყვა და ამოვიდა. ხვალ მაგ ადგილზე ამოვჭრით ასფალტს და ახალს დავაგებთ”, – ამბობს ფრიდონ ტატალაშვილი.

ის, რომ ახლადდაგებულ ასფალტზე ბალახი ამოვიდა, იციან ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაშიც. ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ მიღება–ჩაბარების აქტს ხელს მანამდე არ მოაწერენ, ვიდრე კომპანია ხარვეზს არ გამოასწორებს.