საგარეჯოსა და ახმეტის ხუთ საბავშვო ბაღში დარღვევები აღმოჩნდა

650

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად აღმოჩენილი დარღვევების გამო, საგარეჯოსა და ახმეტის მუნიციპალიტეტში ხუთი საბავშვო ბაღის მუშაობა შეჩერდა და ეს ბაღები 1 000-1 000 ლარით დაჯარიმდა. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სოფელ კაკაბეთისადა დიდი ჩაილურის, ახმეტის მუნიციპალიტეტში სოფელ აწყურის, ფიჩხოვანისა და ქვემო ალვანის საბავშვო ბაღებში სავენტილაციო სისტემები არ მუშაობდა გამართულად.

„სკოლამდელი აღზრდის ობიექტების გეგმური შემოწმებისას კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები აღმოჩნდა, რასაც შესაძლოა, გამოეწვია საკვები პროდუქტის დაბინძურება, კერძოდ კი სამზარეულოებში აღინიშნებოდა კედლებისა და ჭერის დაზიანებები, მათზე ობის წარმოქმნა და ჭერიდან ნაწილაკების ცვენა. შესაბამისი ოქმი შევადგინეთ და აღნიშნულ საბავშვო ბაღებს საწარმოო პროცესი შეუჩერდათ და დაჯარიმდნენ 1000 ლარით“, – განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსმა ინსპექტორმა ნანა ახალმოსულიშვილმა.

უწყების ინფორმაციით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს საწარმოო პროცესი სამზარეულო ბლოკების მოწესრიგების შემდეგ აღუდგებათ.