რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობის პროექტზე იმსჯელეს

632

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობის პროექტზე იმსჯელეს.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„პროექტს საქართველოში UNDP, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის პირველი ფაზა 2012 წელს დაიწყო და გასულ წელს დასრულდა.

მეორე ფაზის ფარგლებში (2018-2021 წწ) დასახული მიზნებია – თვითმმართველობის რეფორმისა და დეცენტრალიზაციის პროცესის ხელშეწყობა, ადგილობრივ დონეზე ეკონომიკის განვითარება, მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერება, მოსახლეობისთვის ხარისხიანი სერვისების მიწოდების მიზნით, ცენტრალური და ადგილობრივი ინსტიტუტების შესაძლებლობების გაუმჯობესება. ამასთანავე, ყურადღება გამახვილდა ტურისტულ პოტენციალსა და მაღალმთიანი რეგიონების განვითარების ხელშეწყობაზე.

პროექტის მიზანია ხელი შეეწყოს საქართველოში ადგილობრივი თვითმართველობის ინსტიტუტების გაძლიერებას და მათი შესაძლებლობების ამაღლებას, რაც რეგიონებში ეკონომიკისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის მეტი ჩართულობის წინაპირობაა. ასევე, მნიშვნელოვანია მოსახლეობის კეთილდღეობაზე ორიენტირებული ინიციატივები, რომლითაც ისარგებლებს ქვეყნის ყველა მოქალაქე.

საკანონმდებლო ბაზის განვითარების აუცილებლობასთან ერთად, მხარეებმა იმსჯელეს საჯარო მოხელეების პროფესიული უნარების გაუმჯობესებაზე, ტრენინგების ეროვნული სისტემის და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებზე. საუბარი შეეხო რეგიონულ და მუნიციპალურ სტრატეგიებს, სამოქმედო გეგმებსა და პროექტებს მდგრადი ადგილობრივი განვითარებისათვის“, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.