კობახიძე: ადგილობრივი თვითმმართველობების შემოსავლები გაორმაგდება

942

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მათი მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობების საბიუჯეტო შემოსავლების გაორმაგება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

ირაკლი კობახიძის თქმით, დემოკრატიული განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია დეცენტრალიზაციის რეფორმა და ამასთან დაკავშირებით ხელისუფლებას კონკრეტული ხედვა აქვს. მისივე ინფორმაციით, საქართველოში ფისკალური დეცენტრალიზაციის დონე საკმაოდ დაბალია.

„ფისკალური დეცენტრალიზაციის დონე ძალიან დაბალია და ჩვენი მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობების საბიუჯეტო შემოსავლების გაორმაგება. ასე რომ ეს არის კიდევ ერთი ამბიციური მიზანი, რომელიც მმართველობის სისტემაში კიდევ ერთ მნიშვნელოვან ცვლილებას გამოიწვევს. ეს რეფორმა განხორციელდება დეცენტრალიზაციის სტრატეგიის მიხედვით, რომელიც პარლამენტმა აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად შეიმუშავა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ექპერტი კოტე კანდელაკი მიიჩნევს, რომ მუნიციპალიტეტების ფისკალური დეცენტრალიზაცია მათი განვითარების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. მისი აზრით, აუცილებელია ადგილობრივ თვითმმართველობას ჰქონდეს სტაბილური შემოსავალი, რომელსაც ის საკუთარი შეხედულების მიხედვით განკარგავს.

,,თვითმმართველობის საქმიანობის ეფექტურობის მიზნით აუცილებელია მისი ფინანსური დამოუკიდებლობა. ცენტრალური ხელისუფლების როლი ამ შემთხვევაში უნდა იყოს დამხმარე კონსულტაციების დონეზე და ადგილობრივი თვითმმართველობა არ უნდა იყოს დაქვემდებარების ქვეშ. ჩვენთან თვითმმართველობა ჯერ კიდევ სხვანაირად აღიქმება და ფიქრობენ, რომ აუცილებლად ცენტრალურ მთავრობას უნდა ექვემდებარებოდეს’’, – განაცხადა კოტე კანდელაკმა.