იორმუღანლოში მასობრივ საპროტესტო აქციებს გეგმავენ

725

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს თემში მცხოვრები მოსახლეობა მასობრივ აქციებს აანონსებს. ადგილობრივი მოსახლეობისი თქმით, ცხრა სოფლის მოსახლეობა საქონელი საძოვრებამდე მიყვანას ვეღარ ახერხებს. ინფორმაციას “კახეთის ხმა” ავრცელებს.

ადგილობრივი მცხოვრები კაზამფარ მამედოვი ამბობს, რომ ტერიტორია, სადაც წლების განმავლობაში 4000-მდე ოჯახს საქონელი საძოვრად გადაჰყავდა, ამჟამად უცხოური საინვესტიციო კომპანია ”არიკ ჯგუფის” საკუთარებაშია.

“უცხოური საინვესტიციო კომპანია “არიკ ჯგუფი” არ გვაძლევს საშუალებას, რომ საქონელს მოვაძოვოთ. იყიდეს მიწები, გათხარეს და არ გვატარებენ. არ გვაქვს საშუალება, რომ საქონელი გადავიყვანოთ და ვაბალახოთ, თხრილებში როგორ ვივლით. ამას მოსახლეობა არ მოითმენს. ჩვენ, ოდითგან, მესაქონლეობით ვირჩენთ თავს. ჯერ ისედაც თემში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა საძოვრების სიმცირეა”, – ამბობს მამედოვი.

ადგილობრივები საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიას დახმარებას სთხოვენ და ამბობენ, რომ თუ პრობლემა ვერ მოგვარდა, მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყება.

“სოფლისთვის პრიორიტეტული საკი­თხები დროულად უნდა მოგვარდეს. მარტო არჩევნების წინ ვახსენდებით ჩვენ. საძოვრები დიდი პრობლემაა, ვერც სესხებს დავფარავთ და ვეღარც საქონელი გვეყოლება თუ მასე გაგრძელდა. საძოვრები თითქმის აღარ გვაქვს, საქონელი სად წავიყვანოთ? რაც არის, იმასაც კეტავენ და არ გვატარებენ. ხელისუფლებას ბევრჯერ ვთხოვეთ დახმარება საძოვრებზე, მაგრამ ყურადღებას არავინ გვაქცევს”, – თქვა კიდევ ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა ალხან გულიევმა.

200 ჰექტრამდე მიწა კომპანია “არიკ ჯგუფს” ეკუთვნის. კომპანიაში ამბობენ, რომ ამ ტერიტორიაზე ვენახისა და ხეხილის ბაღების გაშენებას გეგმავენ და თხრილებიც საკუთრების დაცვის მიზნით გაიყვანეს.

“მუნიციპალიტეტს შეუძლია კერძო მესაკუთრეს მომართოს, რათა გაიცეს სპეციალური ნებართვა ან შეთავაზება გზისთვის საჭირო ადგილის გასხვისებასთან დაკავშირებით. თხრილების გაკეთების ერთადერთი მიზანი იყო საკუთრების დაცვა”, – ამბობს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან საუბრისას არიკ ჯგუფის იურისტი, თეა იოსავა.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში კი აცხადებენ, რომ ინვესტორთან კონსულტაციებს აწარმოებენ. მერის მოადგილე ალექსი გიგაშვილი იმედოვნებს, რომ ფერმერები და კომპანია შეთანხმებას მიაღწევენ და მეცხვარეები საქონლის საძოვრებამდე მიყვანას შეძლებენ.