სარაჯიშვილის გამზირისა და გლდანულას ხიდების რეაბილიტაციაზე 8 მლნ ლარამდე დაიხარჯება

787

თბილისში, სარაჯიშვილის გამზირზე გზასა და ხიდებს რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია უტარდება. თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, პროექტის ღირებულება 8 მილიონ ლარამდეა და სამუშაოები შემდეგი 2019 წლის აპრილში დასრულდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, გზის რეაბილიტაცია ითვალისწინებს დაზიანებული სანიაღვრე ქსელის აღდგენას და ახლის მოწყობას. ახალი ბორდიურებით მოეწყობა ტროტუარები და გზის სავალი ნაწილი. პროექტის მიხედვით გზის რეაბილიტაცია დაახლოებით, სამ კილომეტრს მოიცავს.
სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში შეიზღუდება ზაჰესის დასახლებიდან სარაჯიშვილის მეტროს მიმართულებით მიმავალი ტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო საპირისპირო მიმართულება იქნება ორმხრივი.

სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის 26 მარტს დაიწყო და 20 სექტემბერს დასრულდება. რეაბილიტაციას თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს „ენ სი“ აწარმოებს. პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაახლოებით 1 850 000 ლარი დაიხარჯება.

ასევე, სრული დემონტაჟი ჩაუტარდება მდინარე გლდანულაზე არსებულ ავარიულ ხიდებს და მათ ნაცვლად აშენდება ახალი ხიდები.

სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარე წლის 11 აპრილს დაიწყო და ერთ წელიწადში დასრულდება. სამუშაოების პირველ ეტაპზე, 6 თვის განმავლობაში, საავტომობილო შეზღუდვა შეეხება ზაჰესის დასახლებიდან სარაჯიშვილის მეტროს მიმართულებას, ხოლო საპირისპირო მიმართულება იქნება ორმხრივი. მეორე ეტაპზე კი შეიზღუდება სარაჯიშვილის მეტროდან ზაჰესის დასახლების მიმართულებით არსებული მონაკვეთი.
სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „კონსტრაქშენ სერვისი“ აწარმოებს. აღნიშნულ პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 8 057 871 ლარი დაიხარჯება.