თბილისის მერიას “დირსის” შენობაში 109-ე ბაღის დროებითი განთავსება თვეში 12000 ლარი უჯდება

576

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თვეში 12 000 ლარს იხდის კომპანია „დირსის“ საცხოვრებელი კომპლექსის სამ სართულში, სადაც 109-ე საბავშვო ბაღია განთავსებული. ინფორმაციას IPN-ი ავრცელეკბს.

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ცნობით, „დირსის“ სამი სართული იჯარით აქვთ აღებული და 109-ე ბაღის აღსაზრდელები იქ მინიმუმ წელიწადნახევრის განმავლობაში იქნებიან.

„ჯერჯერობით, 109-ე ბაღის შენობაზე ჩასატარებელია დეტალური ექსპერტიზა. პირველადმა ექსპერტიზამ აჩვენა, რომ იქ ბავშვების გაჩერება არ შეიძლება. დეტალური ექსპერტიზით გადასაწყვეტია, შენობის გამაგრება უფრო რენტაბელურია თუ მისი დემონტაჟი და ახლის აშენება. განცხადებები, რომელიც იმ დროს გააკეთეს ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა, მოადგილემ და დეპუტატებმაც იყო, რომ ეს ბაღი დაინგრევა და ახალი აშენდება. იმისთვის, რომ ეს პროცედურები განხორციელდეს, ჯერ პროექტირებაზე ტენდერი უნდა გამოცხადდეს, რომელსაც დაახლოებით 6 თვე სჭირდება. ტენდერის დასრულების შემდეგ, დაახლოებით ერთ წელი უნდა მშენებლობას“, – აცხადებენ საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.

109-ე საბავშვო ბაგა-ბაღმა, რომელიც ავარიულობის გამო დაიხურა, ფუნქციონირება სხვა შენობაში გააგრძელა. ბაგა-ბაღის 731 აღსაზრდელი იმავე უბანში მდებარე ალტერნატიულ ფართში რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს.

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, 109-ე ბაგა-ბაღის დახურვას 18 აპრილს მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი მოჰყვა.