ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ კარკუჩას მიმდებარედ, ზვავსაშიშ ფერდობებზე, ხეები დარგეს

829

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ კარკუჩას მიმდებარე ტერიტორიაზე, ზვავსაშიში მთის ფერდობების გასამაგრებლად, 1000-ზე მეტი ხე გაშენდა.

ხეების დარგვაში მუნიციპალიტეტის, ყაზბეგის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის, სნოს თემის საჯარო სკოლისა  და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. ისინი, ასევე, კარკუჩას საძოვრების მდგომარეობას გაეცნენ. ხეების დარგვის აქცია საქართველოს ეკოლოგიურ მიწათმოქმედთა ასოციაციის – „სემა“ ინიციატივით ჩატარდა, მხარდამჭერები კი გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მცირე გრანტების პროგრამა, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია იყვნენ.

ყაზბეგი საქართველოს ბუნებრივი საგანძურია, რომელიც უნიკალური ლანდშაფტითა და ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა. რეგიონი ასევე ცნობილია მდიდარი საძოვრებით, რომლებიც ადგილობრივი მეცხოველეობის უმთავრეს რესურსს წარმოადგენს. ამავდროულად, ყაზბეგში მაღალია მეწყერებისა და თოვლის ზვავების საფრთხე, რომელიც წლიდან წლამდე ბუნებრივი მიზეზებისა და ადამიანის საქმიანობის შედეგად იზრდება. საქონლის უსისტემო ძოვება, მაღალმთაში უნებართვო თიბვა, ხე-ტყის ჭრა და მუქწიწვიანი მცენარეების დეგრადაცია მხოლოდ რამდენიმეა იმ მიზეზებს შორის, რომლებმაც კარკუჩას საძოვრები გამოფიტვის ზღვარზე მიიყვანა.

2017 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია „სემა-მ“ ამ გარემოსდაცვით გამოწვევის დაძლევის გეგმაშეიმუშავა. მის ინიციატივას გლობალური GEF მცირე გრანტების პროგრამამ მხარი დაუჭირა და 28,000 აშშ დოლარის ოდენობის გრანტით დააფინანსა.

„სემა“-ს ჩართულობით, ყაზბეგში ჩატარდა ზვავსაშიში ტერიტორიების გეო-ეკოლოგიური და ჰიდრო-მეტეოროლოგიური შეფასება, შერჩეული მონაკვეთები გამაგრდა ყორე-ქვის მავთულბადიანი გაბიონებისა და დამჭერი ბადეებით, ხოლო ზვავსაშიშ ფერდობებზე აგროტყე გაშენდა. მომავალში ეს საქმიანობა ხელს შეუწყობს ცალკეული ტყის კორომების აღდგენას, დაცული ტერიტორიების ბუფერულ და დამხმარე ზონებში მდგრადი სასოფლო-სამეურნეო მიდგომების დანერგვას, დეგრადიებულ ნიადაგზე ბუნებრივი საძოვრების აღდგენასა  და ადგილობრივ მოსახლეობაში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას.

კარკუჩას საძოვრების აღდგენა ერთ-ერთია გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ ინიციატივებს შორის, რომლებიც გარემოსდაცვით საქმიანობაში ადგილობრივი თემების ჩართვას ემსახურება.

GEF მცირე გრანტების პროგრამა საერთაშორისო გარემოსდაცვითი ქმედებაა, რომლის მიზანია გარემოს აღდგენა და კონსერვაცია ადგილობრივი პროექტების მხარდაჭერის გზით. საქართველოში GEF მცირე გრანტების პროგრამა 2012 წლიდან მუშაობს და 50-ზე მეტ წარმატებულ პროექტს ითვლის. GEF მცირე გრანტების პროგრამა ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით.