ფოთის თეატრის შენობის ექსპერტიზის ჩატარებაზე ტენდერი ჩაიშალა

1291

წინა სტატია

ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის შენობის ექსპერტიზისა და რეაბილიტაციის პროექტის შესადგენად მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

ფოთის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის თემურ დუნდუას თქმით, ტენდერში მონაწილეობა არავინ მიიღო, რაც შესაძლოა პროექტისთვის განსაზღვრული თანხის სიმცირეს უკავშირდებოდეს.
ადგილობრივი ბიუჯეტიდან თეატრის საპროექტო სამუშაოების ჩასატარებლად აპრილის დასაწყისში 30 ათასი ლარი გამოიყო.

„სამწუხაროდ, ტენდერი ჩაიშალა, რადგან მონაწილეობა არავინ მიიღო. ინფრასტრუქტურის სამსახურმა ანალოგიური ტენდერები მოიძია და ჩაშლის მიზეზების კვლევა ჩაატარა. სავარაუდოდ, საქმე გვაქვს გამოყოფილი თანხისა და შესასრულებელი სამუშაოების შეუსაბამობასთან. მოგეხსენებათ, თეატრის შენობა რა სავალალო მდგომარეობაშია. იქ დიდი მოცულობის სამუშაოა ჩასატარებელი. დღეის მდგომარეობით ჩვენ ვმუშაობთ ტექნიკური დოკუმენტაციის დახვეწაზე და უახლოეს დღეებში ტენდერი ხელმეორედ გამოცხადდება“, -აღნიშნა თემურ დუნდუამ.

თეატრის დირექტორი თენგიზ ხუხია არ გამორიცხავს, რომ მეორე ტენდერიც იგივე შედეგით დასრულდეს. მისთვის გაუგებარია, რატომ არ გააფორმა მერიამ პირდაპირი წესით ხელშეკრულება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსთან.

„ის, რომ თავის დროზე არ გაკეთდა ექსპერტიზა და შენობა ექსპლუატაციაში გაუშვეს, ძალიან სერიოზული პრობლემა იყო. სწორედ ამან მიგვიყვანა ამ მდგომარეობამდე, რა მდგომარეობაშიც არის დღეს ფოთის თეტრი. ამის გამოსწორება შეიძლებოდა, მაგრამ არ გამოსწორდა. გაიწელა ტენდერის ჩატარებაც. საჭირო თანხის გამოყოფას 3 თვე დასჭირდა. რამდენჯერმე გადაიდო ეს საკითხი. კონკრეტული ჯგუფი ხომ არის ამ საკითხზე პასუხისმგებელი?! აღმასრულებელი ხელისუფლება და საკრებულო ამ საკითხის გაგზავნა-გამოგზავნაში კი არ უნდა ხარჯავდეს დროს. ვინმე რამეს დაწერს facebook-ზე – ამის კონტროლზე კი არა, საქმის კეთებაზე რომ იყვნენ ორიენტირებული, ეს აქამდე არ მივიდოდა. ტენდერი ჩატარდა, მაგრამ არავინ მიიღო მონაწილეობა. ადგილობრივ ხელისუფლებაში მითხრეს, რომ ამ დღეებში კიდევ ერთხელ გამოაცხადებენ ტენდერს, მაგრამ შეიძლება იგივე შედეგი დადგეს. თვითმმართველობას ჰქონდა იურიდიული უფლება პირდაპირი წესით გაეფორმებინა სამხარაულის ექსპერტიზასთან ხელშეკრულება. სამხარაულის ექსპერტიზას დაედო როგორც საექსპერტო დასკვნა, ისე პროექტი, თუ რა სამუშაოები არის შესასრულებელი. რადგან გადაწყვიტეს ტენდერის გამოცხადება და საჭიროა, გამოაცხადონ“, – თქვა თენგიზ ხუხიამ.

ფოთის თეატრი 2014 წელს გაიხსნა. შენობა, რომლის მშენებლობაშიც 11 მილიონი ლარი დაიხარჯა, უკვე სარეაბილიტაციოა. 6 თებერვალს თეატრის ფოიეში ჭერის ნაწილი ჩამოინგრა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა და არავინ დაშავებულა. შენობაში არსებული მძიმე ვითარების გამო თეატრში სამუშაო პროცესი გაურკვეველი ვადით შეჩერდა. დასი შენობის ექსპერტიზის მოლოდინშია და სპექტაკლებს სხვადასხვა ქალაქში მართავს.