ვინ უსმენს მერებს?

მწირი შემოსავლები, ქონების გადაცემის გაჭიანურებული პროცესი, საკუთარი შემოსავლების ზრდის პარალელურად, გათანაბრებითი ტრანსფერის შემცირება – ეს პრობლემების ის მცირე ჩამონათვალია, რომელზეც მუნიციპალიტეტების მერებმა თვითმმართველობათა პირველ ფორუმზე ღიად ისაუბრეს.

სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგი – ასე უწოდეს ყოველწლიურ ფორუმს, რომელიც პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ინიციატივით დაფუძნდა. პირველი თავყრილობა ახალციხეში 5-6 მაისს უკვე გაიმართა. როგორც კომიტეტში განმარტეს, ფორუმის მიზანი ადგილობრივ თვითმმართველობებსა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის ჰორიზონტალური ურთიერთობების დამკვიდრებაა. მარტივად რომ ვთქვათ, ამიერიდან ცენტრი მუნიციპალიტეტებს მოუსმენს და გადაწყვეტილებებსაც მათთან კონსულტაციების შედეგად მიიღებს.

ცხადია, საკანონმდებლო ორგანოს ეს ინიციატივა მისასალმებელია, თუმცა, 2014 წელს დაწყებული რეფორმის კვალობაზე, მეტად დაგვიანებულიც. რეფორმა გაჩერებულია, ხელისუფლება თითქმის 1 წელია, დეცენტრალიზაციის ახალ სტრატეგიას გვპირდება, ნახევარ წელზე მეტი კი, ამ სტრატეგიაზე მუშაობს და ჯერჯერობით, ზოგადი კონტურების გარდა, ცნობილი არაა, თუ კონკრეტულად რა მიმართულებით გაგრძელდება რეფორმა, როგორ გაიზრდება მუნიციპალიტეტების საკუთარი შემოსავლები, როგორ და როდის შეიცვლება გათანაბრებითი ტრანსფერის ფორმულა, როდის გადაეცემათ მათ საბოლოოდ მუნიციპალიტეტში არსებული ქონება და ა.შ.

ვისთვის აღმოჩნდა თვითმმართველობის საკითხები N1 პრიორიტეტი?

სანამ თავყრილობის მთავარ ამბავზე – მის შინაარსზე გადავალთ, საინტერესო თავად მისი შემადგენლობა იყო. ფორუმს, რომელიც 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, თითქმის ყველა მუნიციპალიტეტის მერი, რამდენიმე რწმუნებულ-გუბერნატორი, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

რაც შეეხება მაღალი სახელმწიფო თანამდებობის პირებს – პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარესა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, ორდღიან ფორუმზე მათ, ჯამში, დაახლოებით 40 წუთი დაჰყვეს – ფორუმის მონაწილეებს მიესალმნენ, კიდევ ერთხელ თქვეს, რომ მათთვის თვითმმართველობის რეფორმა N1 პრიორიტეტია, პირობა დადეს, რომ წლის ბოლომდე დეცენტრალიზაციის სტრატეგია მზად ექნებათ, რეფორმას 2020-დან დაიწყებენ, 10 წელში კი შედეგებს დადებენ.

რა სათქმელი ჰქონდათ მერებს და რა პრობლემები აქვთ ადგილობრივ თვითმმართველობებს, ცენტრალური ხელისუფლების პირველ პირებს არ მოუსმენიათ. მათ მხოლოდ საკუთარი თქვეს, ფორუმის წევრებთან ერთად ფოტო გადაიღეს, დაემშვიდობნენ და სახელმწიფო საკითხების მოსაგვარებლად დედაქალაქში დაბრუნდნენ. ამიტომაც მეტად რთული დასაჯერებელია, რომ თვითმმართველობის რეფორმა მთავრობისთვის მართლაც N1 პრიორიტეტს წარმოადგენდეს. ფორუმზე მხოლოდ ინფრასტრუქტურის ახლად დანიშნული მინისტრის ასევე  ახალდანიშნული მოადგილე, მზია გიორგობიანი დარჩა, ისიც – მხოლოდ რამდენიმე საათით.

ფორუმს არ დასწრებია ყველაზე დიდი და ძლიერი თვითმმართველობის – თბილისის მერი კახა კალაძე, რომელსაც, დღის წესრიგით, ღონისძიების მონაწილეებისთვის სიტყვითაც უნდა მიემართა. არადა კალაძე, დედაქალაქის მერობასთან ერთად, თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტია, ანუ იმ გაერთიანების, რომელიც, წესით, საქართველოში არსებული ყველა თვითმმართველობის ინტერესების ლობისტი უნდა იყოს, პრობლემების იდენტიფიცირებას ახდენდეს და ცენტალურ ხელისუფლებას სწორი და ეფექტური რეფორმის გატარებას აიძულებდეს. როგორც გაირკვა, კალაძე თბილისში ევროპის დღეების აღსანიშნავ ღონისძიებებს ესწრებოდა და ფორუმსაც სწორედ ამ მიზეზით ვერ დაესწრო.

პრობლემები, რომლებზეც მერები ღიად საუბრობენ და ცენტრალურ ხელისუფლებას მოგვარებას სთხოვენ

როგორც მოსალოდნელი იყო, მერებს პრობლემები იმაზე მეტად აქვთ იდენტიფიცირებული, ვიდრე ამის შესახებ ცენტრალურ ხელისუფლებაში იციან, ან იციან, მაგრამ ცენტრალიზებული მართვის სადავეების ხელიდან გაშვება იმდენად არ უნდათ, რომ პრობლემების გადაჭრის გზებზე ამ დრომდე არ მუშაობენ.

მუნიციპალიტეტებს ქონების გადასახადით დასაბეგრ ბაზაზე წვდომა არ აქვთ

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაზეც თვითმმართველი ერთეულების ხელმძღვანელები ჩივიან, ის არის, რომ ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა მათთვის დახურულია და წვდომა მხოლოდ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს აქვს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტებმა არ იციან მათ ტერიტორიაზე ქონებისა და შესაბამისად, ქონების გადასახადის გადამხდელთა რაოდენობა. ამიტომაც ადგილობრივ ხელისუფლებას, ბიუჯეტის დაგეგმვისას, ძალიან უჭირს იმის გაანგარიშება, თუ კონკრეტულად რა შემოსავალი ექნება იმ წელს ქონების გადასახადიდან. მუნიციპალიტეტები მხოლოდ წინა წლის სტატისტიკას ეყრდნობიან და ასე გეგმავენ ბიუჯეტის ამ ნაწილს. დედოფლისწყაროს მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად სწორედ ამ პრობლემის მოგვარებას მიიჩნევს. მან, ასევე, თქვა, რომ მუნიციპალიტეტი გადასახადის ამოღების პროცესიდან სრულად დისტანცირებულია. ამის გამო კი მიწის გადასახადიდან შემოსავლები მცირდება, ვინაიდან ფინანსთა სამინისტროს არ აქვს ზუსტი ინფორმაცია, თუ ვინ ამუშავებს რეალურად მიწას და ვინ – არა. ადგილობრივ თვითმმართველობას კი, რომელიც მოსახლეობასთან ყველაზე ახლოს მდგომი ორგანოა, ამ ინფორმაციაზე უფრო მეტი და ობიექტური წვდომა აქვს, მაგრამ ადმინისტრირების პროცესიდან ჩამოშორებულია.

გარდა ამისა, როგორც ირკვევა, პრობლემაა ქონების გადასახადის გადახდის ვადებიც. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრის, კობა ლურსმანაშვილის თქმით, იმის გამო, რომ გადამხდელები ქონების გადასახადს, ფაქტობრივად, წლის ბოლოს – ნოემბერში იხდიან, ადგილობრივ ბიუჯეტში ამ გადასახადით აკუმულირებული შემოსავლების დახარჯვას მუნიციპალიტეტები ვეღარ ასწრებენ. ამიტომაც ლურსმანაშვილი მიიჩნევს, რომ კარგი იქნება, თუ ქონების გადასახადს გადამხდელები წელიწადში ორჯერ გადაიხდიან. ამით მუნიციპალიტეტები შემოსული თანხების სწორად და ეფექტურად განკარგვას შეძლებენ.

შემოსავლების ზრდის პარალელურად, ფინანსთა სამინისტრო მუნიციპალიტეტებს გათანაბრებით ტრანსფერს უმცირებს

ნიკოლოზ ჯანიაშვილი, ასევე, ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც მეწარმე ფიზიკური პირების მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადი მუნიციპალიტეტში რჩება, ფინანსთა სამინისტრომ დედოფლისწყაროს გათანაბრებითი ტრანსფერი საგრძნობლად დააკლო. მერის აზრით, მუნიციპალიტეტებს არ აქვთ მოტივაცია, რომ შემოსავლები გაზარდონ, რადგან ეს გათანაბრებითი ტრანსფერის მოცულობას მკვეთრად ამცირებს. ჯანიაშვილი თვლის, რომ ტრანსფერის შემცირება მიღებული შემოსავლების პირდაპირპროპორციულად არ უნდა ხდებოდეს. დედოფლისწყაროს მერი თავად ტრანსფერის ფორმულის შეცვლის საკითხსაც აყენებს და ამბობს, რომ უფრო სამართლიანი ფორმულა უნდა არსებობდეს, მისი მიზანი მუნიციპალიტეტების გათანაბრება და არა საყოველთაო დახმარება უნდა იყოს.

ჯანიაშვილის მიერ წამოჭრილი პრობლემები სხვა მუნიციპალიტეტებსაც უდგათ. ამიტომაც ადგილობრივი თვითმმართველობების პირველი პირები თანხმდებიან, რომ ამ მიმართულებით ცენტრალურმა ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები დროულად უნდა გადადგას.

რატომ იზრდება მოსახლეობის უკმაყოფილება? – მუნიციპალიტეტებს ეკონომიკური განვითარების სტრატეგიები არ აქვთ

„უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მაგრამ მოსახლეობის კმაყოფილების დონე არ იზრდება“, – ამის შესახებაც დედოფლისწყაროს მერმა ისაუბრა. ნიკოლოზ ჯანიაშვილი ამის მიზეზად ეკონომიკური განვითარების გრძელვადიანი ხედვის არარსებობას ასახელებს. მუნიციპალიტეტისთვის ამ ხედვის მომზადება შეუძლებელია, ვინაიდან ჯერ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხედვა უნდა მომზადდეს, – მიიჩნევს ჯანიაშვილი.

გაუმიჯნავი სახელმწიფო და მუნიციპალური ქონება

კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობებს აწუხებთ, გაუმიჯნავი სახელმწიფო და მუნიციპალური ქონებაა. „დღემდე არ გვაქვს მიწის კადასტრი, არ ვიცით, სახელწიფო და მუნიციპალური საკუთრება რა არის. თუ რამე არსებობს ჩვენს ტერიტორიაზე, მათ შორის, ბუნებრივი რესურსი და ტყე, ჩვენ არ გვეკუთვნის.  სანამ სახელმწიფო და მუნიციპალური საკუთრება არ გაიმიჯნება, მანამ არაფერი გვეშველება“, – ამბობს მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი.

ჟორჟოლიანის მოსაზრებას სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულ-გუბერნატორი ლევან შონიაც იზიარებს. ის განსაკუთრებულ ყურადღებას სასოფლო-სამეურნეო მიწების გადაცემის საკითხზე ამახვილებს და თვლის, რომ აუცილებელია, საკითხი დროულად მოგვარდეს. თუმცა, შონია, სხვა მიმართულებითაც ამახვილებს ყურადღებას და ხელისუფლებას კანონმდებლობის გამკაცრებას სთხოვს. „სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების მუნიციპალიტეტებისთვის გადაცემის საკითხი, არა მარტო სამეგრელო-ზემო სვანეთში, დარწმუნებული ვარ, სხვა რეგიონებშიც პრობლემაა. გარდა ამისა, არის მიწები, რომლებიც გადაცემულია სხვადასხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, მაგრამ ეს მიწები წლობით არ მუშავდება და არანაირი პროდუქტი არ მოჰყავთ. ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, ჩვენ გვაქვს სოფელი, მიწა, მაგრამ ეს მიწა, ხშირ შემთხვევაში, ეკუთვნით არა იმ ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ გარკვეული პროდუქტი მოიყვანონ, არამედ იმ პირებს, რომლებიც არიან მიწების ვაჭრობით დაკავებული. ვფიქრობ, ამ მიმართულებით კანონი გასამკაცრებელია. სოფლის მეურნეობის მიმართულებით ჩვენ ვერასოდეს მივაღწევთ შედეგს, თუ რაღაც მკაცრი ბერკეტები არ მივიღეთ“, – აცხადებს შონია.

სასოფლო-სამეურნეო მიწებისა და სხვა ქონების ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის გადაცემის საკითხი რომ დროულად უნდა გადაწყდეს, ამ მოსაზრებას სხვა მუნიციპალიტეტების მერებიც იზიარებენ, თუმცა, როგორც ჩანს, არა ეკონომიკის სამინისტრო, რომელიც მათ ტერიტორიაზე არსებულ ქონებას – 20 კვ.მ ფართობით დაწყებული, რამდენიმე ჰექტრით დამთავრებული, წლებია, ხელიდან არ უშვებს. მიუხედავად იმისა, რომ, „თვითმმართველობის კოდექსით“, მაგალითად, სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების გამიჯვნა 2017 წელს უნდა დასრულებულიყო, ეს პროცესი, შეიძლება ითქვას, დაწყებულიც არ არის და მთელს ქვეყანაში არსებული მიწების დიდ ნაწილს დღემდე ქუმსიშვილის უწყება ფლობს.

სახელმწიფო ადგილობრივ თვითმმართველობებს მიწებს ართმევს, მუნიციპალიტეტები კი შემოსავლების გარეშე რჩებიან

თუმცა, პრობლემა მხოლოდ ეს არაა. იმ მიწების ნაწილსაც, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობები ფლობენ, ხშირად ეკონომიკის სამინისტრო, დაცული ტერიტორიების სააგენტო და კიდევ სხვა, არაერთი სახელმწიფო უწყება მუნიციპალიტეტებს მათ დაქვემდებარებაში გადაცემას სთხოვს. ამ ტერიტორიაზე ზოგს ინვესტიციის მოზიდვის კეთილშობილური იდეა აქვს, ზოგს – სახელმწიფო ნაკრძალის გაშენების და ა.შ. და ა.შ. პრობლემა კი ის არის, რომ აქედან ადგილობრივ თვითმმართველობებს არაფერი რჩებათ.

როგორც ირკვევა, მაგალითად, მარტვილის კანიონიდან მიღებული შემოსავლებიდან ადგილობრივ ბიუჯეტში 1 თეთრიც კი არ რჩება. სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულ-გუბერნატორის, ლევან შონიას განცხადებით, მარტვილის კანიონზე შესასვლელად საქართველოს მოქალაქე 18 ლარს, უცხოელი ტურისტი კი 25 ლარს იხდის. ობიექტს აქვს სხვა შემოსავლები და მოგება, მაგრამ კანიონიდან, რომელიც უკვე მხოლოდ ფიზიკურად მდებარეობს მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ადგილობრივ თვითმმართველობას შემოსავალი არ აქვს.

„მარტვილის კანიონის ტერიტორია მუნიციპალიტეტმა დაცული ტერიტორიების სააგენტოს გადასცა. დღეს რა აქვს მარტვილის მუნიციპალიტეტს? კანიონის დასათვალიერებლად საქართველოს მოქალაქე იხდის 18 ლარს, უცხოელი ტურისტი – 25 ლარს. აქ არის მარტვილის მერი და ჰკითხეთ მას, რას იღებს მუნიციპალიტეტი? დასუფთავება, მოვლა-პატრონობა მუნიციპალიტეტის ვალდებულებაა, სანაცვლოდ კი 1 თეთრ შემოსავალსაც არ იღებს. რაზე უნდა ვილაპარაკოთ, როგორ უნდა განვითარდეს მუნიციპალიტეტი და წინ როგორ უნდა წავიდეს? ასეთი საინტერესო ტერიტორიების მოძიება ახლაც ხდება, გადაეცემა დაცული ტერიტორიების სააგენტოს და შემდეგ, როდესაც კიდევ შეიქმნება ასეთი ტურისტული კლასტერი, მუნიციპალიტეტი სარგებელს ისევ ვერ მიიღებს“, – აცხადებს შონია.

გაუქმებული სოფლის მხარდაჭერის პროგრამა

კიდევ ერთი პრობლემა, რომელზეც მერები საუბრობენ, გაუქმებული სოფლის მხარდაჭერის პროგრამაა. ჩოხატაურის მერი ირაკლი კუჭავა მიიჩნევს, რომ ამ პროგრამის გაუქმება არ შეიძლებოდა, ვინაიდან ის, გარდა სოფელში მცირე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა, ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის ძალიან კარგ შესაძლებლობას ქმნიდა. იმისათვის, რომ სოფლებში მცირე ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად თანხები კვლავაც დაიხარჯოს, მათთვის გარკვეული ბიუჯეტი უნდა იყოს გამოყოფილი, – მიიჩნევს კუჭავა და დასძენს: „მოსახლეობას უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ მის სოფელში გარკვეული თანხა დაიხარჯება და საკითხების გადაწყვეტაშიც აუცილებლად უნდა იყოს ჩართული“.

რა გაიგო ცენტრალურმა ხელისუფლებამ ფორუმიდან და რა დაპირება მიიღეს ადგილობრივმა თვითმმართველობებმა?

როგორც უკვე გითხარით, ფორუმს მთავრობის მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები მხოლოდ მიესალმნენ. სწორედ ამ მისალმებისას პრემიერმა განაცხადა: „ჩვენ მიზნად გვაქვს დასახული, რომ დაახლოებით 10 წლის განმავლობაში, მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში, გავაორმაგოთ ადგილობრივი თვითმმართველობების დაფინანსება, რაც იმას ნიშნავს, რომ რეგიონებში იქნება გაცილებით უფრო მეტი ჟანგბადი, გაცილებით უფრო მეტი ფინანსური რესურსი. რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს იმასაც, რომ უნდა იყოს გაცილებით უფრო მეტი კომპეტენცია. არ მინდა, ვინმემ ეს შეურაცხყოფად მიიღოს, მაგრამ, რა თქმა უნდა, რეგიონულ ხელისუფლებებში ჩვენ გვჭირდება ძალიან კვალიფიციური კადრები. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვყავს დღეს ადამიანური რესურსი, მაგრამ გაცილებით უფრო მეტი გვინდა“.

მას შემდეგ, რაც ადგილობრივი თვითმმართველობების წუხილი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მოისმინა, მანაც, პრემიერის მსგავსად, პირველ რიგში, მუნიციპალიტეტების საკადრო პოლიტიკა და იქ დასაქმებულ ადამიანთა დაბალი კვალიფიკაცია დაიწუნა. „უფლებების გადაცემა, რასაკვირველია, უნდა მოხდეს და დეცენტრალიზაცია ერთმნიშვნელოვნად მნიშვნელოვანია, მაგრამ უფლებების გადაცემა ისე, რომ მათ ადგილზე არ დახვდეს ის რესურსი, რომელიც ამ უფლებებს მართავს, ეს არ არის სწორი და ამ მიმართულებით დაწყებულია სერიოზული მუშაობა სამინისტროს მიერ, რათა იდენტიფიცირებული იქნეს ის საჭიროებები თითოეული მუნიციპალიტეტის დონეზე, თუ რა შრომითი ძალა არის საჭირო. ეს იქნება უმაღლესი განათლება, თითოეულ დონეზე პროფესიული განათლება… ამასთან მიმართებაში ძალიან მალე დაგიბრუნდებით“, – მიმართა ჩამოთვლილი პრობლემების საპასუხოდ მზია გიორგობიანმა მუნიციპალიტეტების მერებს.

კვირიკაშვილის მთავრობა პირველი არ არის, ვინც ფიქრობს, რომ თვითმმართველობებისთვის მეტი უფლებამოსილების, ქონებისა და ფინანსების გადაცემა დაბალი კვალიფიკაციის კადრების გამო არ შეიძლება. ეს მიზეზი ჯერ „მოქალაქეთა კავშირის“, შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“, ახლა უკვე „ქართული ოცნების“ „მთავარ კოზირს“ წარმოადგენს იმისათვის, რომ ცენტრალიზებული მართვის სადავეები ხელიდან არ გაუშვას. ცენტრალურ ხელისუფლებას, არც ერთი მმართველის დროს, არ გაუკეთებია კვლევა და შედარება, სად უფრო მეტი არაკვალიფიციური კადრია – ცენტრალურ ხელისუფლებაში, თუ ადგილობრივ თვითმმართველობაში. გარდა ამისა, არც ერთ ხელისუფლებას, მათ შორის, ცხადია, „ქართულ ოცნებასაც“, ამ კადრების გადასამზადებლად და კვალიფიკაციის ასამაღლებლად, ფაქტობრივად, არაფერი გაუკეთებია.

ერთადერთი კონკრეტული პასუხი, რომელიც ორდღიან ფორუმზე მერებმა მიიღეს, ის იყო, რომ ცენტრალურმა ხელისუფლებამ გათანაბრებით ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო. ამის შესახებ მზია გიორგობიანმა თქვა და თვითმმართველობების ხელმძღვანელებს დაპირდა, რომ ფინანსთა და რეგიონული განვითარების სამინისტროები თავიანთ ვერსიას უახლოეს პერიოდში გააცნობენ. თუმცა, თავად ფინანსთა სამინისტრო, რომელიც წამყვანი უწყება უნდა იყოს ფისკალური დეცენტრალიზაციის პროცესში და არც ეკონომიკის სამინისტრო, რომელიც ქონების გამიჯვნის პროცესის ავანგარდში უნდა იდგეს, ფორუმს არ დასწრებიან.

დაპირებული დეცენტრალიზაციის პროცესიდან ამ ორი უწყების დისტანცირება განსაკუთრებით თვალშისაცემი იმიტომაცაა, რომ სწორედ ეს სამინისტროები წლების განმავლობაში, ფაქტობრივად, კონფლიქტში არიან ადგილობრივ თვითმმართველობებთან და მათთვის ფინანსებისა და ქონების გადაცემას ეწინააღმდეგებიან. ამიტომაც, როგორ დაიწყება და როგორ განვითარდება ეს პროცესი მაშინ, როცა ორი მთავარი უწყება დეცენტრალიზაციის იდეას არ იზიარებს, ჯერ კიდევ ბუნდოვანია.

ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თქმით, აუცილებელია, მუნიციპალიტეტებს ფინანსები და ქონება ჰქონდეთ, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობა სანდო, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული უნდა იყოს, თუმცა, აქვე, იმასაც ამბობს, რომ მერების მიერ წამოჭრილი საკითხების ნაწილს არ ეთანხმება. „არის გარკვეული თემები, რომელზეც განსხვავებული აზრი მაქვს, ეს იქნება კანიონის გადაცემის თემა, თუ რაღაც უფლებების დათმობის, თუმცა, ეს თემები დამატებით ფორმატში განვიხილოთ“, – უთხრა გიორგობიანმა მერებს. აღსანიშნავია, რომ გიორგობიანი, რომელსაც სამინისტროში თვითმმართველობის საკითხები მიაბარეს, 2001 წლიდან ფინანსთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, ანუ იმ უწყებაში, ვინც რეფორმას, წლებია, ყველაზე აქტიურად ეწინააღმდეგება. ეს გარემოებაც, სამწუხაროდ, რეფორმის ბედს კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის.

როგორც ცნობილია, დეცენტრალიზაციის სტრატეგიის შემუშავებას მთავრობა წლის ბოლომდე გეგმავს, რეფორმის დაწყებას – 2 წელში, დასრულებას კი – 10 წელში. ადგილობრივი თვითმმართველობები და სამხარეო ადმინისტრაციები კი, რომლებიც ადგილობრივ პრობლემებს უკეთ იცნობენ, ფიქრობენ, რომ პროცესი უნდა დაჩქარდეს.

„ვფიქრობ, რომ დეცენტრალიზაციის თემები უნდა დაჩქარდეს. როგორც ვიცი, რვაწლიანი პროგრამაა. როგორ იქნება რვაწლიანი? ამასობაში დარჩება მუნიციპალიტეტი ხახამშრალი და არაფერი ექნება – არც მიწა ექნება, არც შენობა ექნება, არც დაცული ტერიტორიები ექნება და რითი იცხოვროს მერე მუნიციპალიტეტმა? როგორ განვითარდეს? ტრანსფერით?“, – კითხულობს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი.

მსგავსი სიახლეები