თბილისის მერიამ მეტეხისა და გალაკტიონის ხიდების რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა

1942

თბილისის მერიამ, მეტეხისა და გალაკტიონის ხიდების რეაბილიტაციისთვის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე, ტენდერი გამოაცხადა. წინადადებების მიღება 18 მაისს იწყება და 21 მაისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 50-50 ათასი ლარია. ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს.

მეტეხის ხიდის შემთხვევაში, სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, რეაბილიტაციას საჭირობს: „ხიდზე წყალმოცილების სისტემა; რეაბილიტაციას საჭიროებს ხიდის ჰიდროიზოლაცია თანამედროვე მასალების გამოყენებით; რეაბილიტაციას საჭიროებს ხიდის მცირე მალის თაღის ქვედა ზონა; რეაბილიტაციას საჭიროებს დიდი მალის თაღის კონსტრუქციების დამცავი შრე; რეაბილიტაცის საჭიროებს მარცხენა ნაპირის ზემომხრის მიწაყრილის დამცავი საფარი. ხიდზე განათების პროექტის მომზადება დამკვეთთან შეთანხმებით,“- აღნიშნულია მეტეხის ხიდის რეაბილიტაციის მოსამზადებელ პროექტზე გამოცხადებულ ტენდერში.

რაც შეეხება გალაქტიონის ხიდს, ტენდერის თანახმად, რეაბილიტაცია სჭირდება: თაღების ქვედა ზედაპირების ბეტონი; გამოტუტვის ლაქებისაგან გასაწმენდია ხიდის მოპირკეთების ქვები; მიმდინარე რემონტს საჭიროებს ტროტუარის კონსოლების ბეტონი; გასაწმენდია ხიდის წყალმოცილების სისტემა; რეაბილიტაციას საჭიროებს ხიდზე არსებული არქიტექტურული ელემენტები; ხიდზე უხამსი გრაფიტისაგან გასაწმენდია მოპირკეთების ფილები; აღდგენას საჭიროებს ხიდის სამომსახურეო შესასვლელები (დალუქულია ყველა ჩასასვლელი ჭა). ასევე გათვალისწინებულია დამკვეთთან შეთანხმებით, ხიდზე განათების პროექტის მომზადება.