“ახალციხის ციხეზე” დაზიანებული კედლების და სახურავების შეკეთება დაიწყეს

773

წინა სტატია

„ახალციხის ციხეზე“ დზიანებულ კედლებს ათეთრებენ, ღია სახურავებზე კი წებო–ცემენტს ასხამენ. ციხის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სამუშაოები ივნისამდე დასრულდება. ინფორმაციას სამხრეტის კარიბჭე ავრცელებს.

„ახალციხის ციხის“ ციტადელზე საკონფერენციო დარბაზის შიდა კედლების გათეთრება და ღია სახურავის შეკეთება დასრულდა. ასევე, შეკეთდა საინფორმაციო ცენტრის სახურავიც.

„ყველაზე მძიმე ეს ორი კერა იყო, წყალი ჩამოდიოდა და შენობები ზიანდებოდა. ორივე ღია სახურავზე წებო–ცემენტი და ისეთი ხსნარი დავასხით, რომელზეც წყალი არ ჩერდება, ამიტომ შენობაში წვიმა ვეღარ ჩავა“, – ამბობს ციხის დირექტორი დავით ტაბატაძე.

მისი თქმით, ორი შენობის სახურავის რეაბილიტაცია ციხემ საკუთარი სახსრებით შესძლო და ამისთვის 2 000 ლარი დაიხარჯა.

რაც შეეხება სხვა დაზიანებული შენობების სახურავებს, ამბობს რომ ამისთვის წებო–ცემენტისა და სპეციალური ხსნარების შესაძენად ციხე ტენდერს გამოაცხადებს: „როცა ავზომავთ რა ტერიტორიაზე გვჭირდება წებო–ცემენტის დასხმა, შესყიდვის ღირებულებაც მაშინ გვეცოდინება“.

მისივე თქმით, ციხის ბიუჯეტიდან თანხები, მხოლოდ წებო–ცემენტისა და სპეციალური ხსნარების შესაძენად იხარჯება. რაც შეეხება, შიდა კედლების გათეთრებას და კომპლექსში სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარებას, ამას მერია უზრუნველყოფს.

ახალციხის მერიაში ამბობენ, ციხის ტერიტორიაზე არსებული ობიექტების შეკეთებისათვის, ახალციხის მერია საკუთარი ბიუჯეტიდან 10 000–მდე ლარს დახარჯავს.

„ახალციხის ციხეზე“ ახალი ტურისტული სეზონი 22 აპრილს გაიხსნა.