საგარეჯოს სოფელ უდაბნოში საზოგადოებრივი ცენტრი აშენდება

1004

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოში საზოგადოებრივი ცენტრი აშენდება. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, უდაბნოს საზოგადოებრივი ცენტრი სპეციალურად პატარა სოფლების საჭიროებებზე მორგებული პროექტია, რომელიც არქიტექტურული ფორმით  სხვა საზოგადოებრივი ცენტრებისგან განსხვავდება. მისი ავტორი არქიტექტორი მიხეილ გიორგობიანია.

პროექტი იმ დასახლებებისთვის შეიქმნა, რომელთა მოსახლეობა 600 ადამიანს არ აღემატება.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ვიზუალის მიუხედავად, მომსახურების სტანდარტი და  ხარისხი ისეთივე იქნება, როგორიც იუსტიციის სახლებსა და დიდ საზოგადოებრივ ცენტრებშია.

ცენტრის დახმარებით, უდაბნოს მცხოვრებლებს 200-ზე მეტ სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისზე წვდომის შესაძლებლობა ექნებათ. უდაბნოსა და მისი მახლობელი სოფლის მცხოვრებლებს პირადობის ან დაბადების მოწმობის, მიწის რეგისტრაციის, საბანკო და სხვა სერვისების მისაღებად საგარეჯოში ჩასვლა აღარ მოუწევთ.