კახა კალაძე: ჩემს მრჩევლებს ჩემზე მაღალი ხელფასი არ აქვთ

627

კახა კალაძე თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ხაბეიშვილი ამბობს, რომ კალაძის მრჩევლებს მერზე მეტი ხელფასი აქვთ.  ხაბეიშვილის თქმით, კახა კალაძემ მერიაში აიყვანა მრჩევლები, რომელთა ანაზღაურება 4 000-5 600 ლარია, 60 ათასი დოლარი კი რეკლამაზე იხარჯება. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

„ჩემს მრჩევლებს ჩემზე მაღალი ხელფასი არ აქვთ. რაც შეეხება არჩევას, მრჩეველს მე ვწყვეტ ვინ იქნება და არა კონკურსი. ეს არის ჩემი პასუხი. როგორც იცით, ჩემი ანაზღაურება სხვა მიმართულებით მიდის. ამასთან, როდესაც მსჯელობა მიმდინარეობდა რომ მომხდარიყო ხელფასის და დანამატის გაერთიანება, რაც მოადგილეების შემთხვევაში მოხდა, ჩვენი გადაწყვეტილება იყო, რომ მერის ხელფასი დარჩენილიყო ის, რაც იყო, მე ამ თანხას არ ვიღებ “, – განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება „ფეისბუქ“ რეკლამაზე დახარჯულ თანხებს ,კალაძე აცხადებს, რომ „ალბათ, ამ თანხის დახარჯვის საჭიროება იყო“.

„მერიის გვერდზე დაიხარჯა და არა ჩემს პირად გვერდზე. ჩემს პირად გვერდზე თანხას მე ვხარჯავ, მერიის „ფეისბუქის“ გვერდზე კი, მერიის თანხები იხარჯება. ეს ნორმალურია, რადგან საზოგადოებას უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია თუ რა კეთდება მერიაში, რა იგეგმება. ჩვენ ვართ ხალხის მიერ არჩეული და ვალდებულებიც ვართ ინფორმაცია მივაწოდოთ დედაქალაქის მოსახლეობას”,- განაცხადა კალაძემ.