მაია ცქიტიშვილი: აზიის განვითარების ბანკთან თანამშრომლობა გაფართოვდება

661

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მინისტრი მაია ცქიტიშვილი აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორს იეშიმ ელჰან-კაიალარს შეხვდა.

სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე აზიის განვითარების ბანკის მიერ საქართველოში ინვესტიციების გაზრდის შესაძლებლობებზე  და    ქვეყნის სატრანზიტო და ტურისტული პოტენციალის განვითარებაში ADB-ს მონაწილეობაზე ისაუბრეს. შეხვედრაზე, ასევე განიხილეს რეგიონებში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები.

სამინისტროს განცხადებით, აზიის განვითარების ბანკმა საქართველოში ბოლო 10 წლის განმავლობაში საავტომობილო გზების, წყალმომარაგების და ურბანული მომსახურების გაუმჯობესების პროექტების დასაფინანსებლად დაახლოებით 1.3 მილიარდი აშშ დოლარი გამოყო.

“ურბანული  სერვისების განვითარების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, რომლის მოცულობა შეადგენს 500 მილიონ აშშ დოლარს, საქართველოს 13 ქალაქსა და დასახლებულ პუნქტში მიმდინარეობს მოსახლეობის წყალმომარაგებისა და წყალარინებით უზრუნველყოფის პროექტები. პროგრამის ფარგლებში დასრულებულია 4, მიმდინარეობს 12 და დაგეგმილია 9 პროექტის განხორციელება.
ბანკის დაფინანსებით მიმდინარეობს სხვადასხვა საავტომობილო გზის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროექტები; დასრულების ფაზაშია ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე მონაკვეთი. ბანკის დაფინანსებით განხორციელდება ქ. ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის და ჩუმათელეთი-ხარაგაული-მოლითის შიდასახელმწიფოებრივი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს რიკოთის მონაკვეთზე ხევი-უბისას სექციას, ასევე განიხილება ქვეშეთი კობის მონაკვეთზე გვირაბის დაფინანსების საკითხი”, – წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც მაია ცქიტიშვილმა თქვა, ADB-სთან თანამშრომლობა გაფართოვდება.