გურჯაანის სამ ბაღში, რომელიც სეს-მა დროებით დაკეტა, სწავლა განახლდა

468

წინა სტატია

გურჯაანის მე-2, მე-3 და სოფელ ბაკურციხის საბავშვო ბაღებში, სადაც სასწავლო პროცესი სამი დღით შეწყდა, მუშაობა განახლდა. ინფორმაციას “კახეთის ხმა” ავრცელებს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა ბაღებს საწარმოო პროცესი 5 მაისს შეუჩერეს. 

გურჯაანის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ლელა თევდორაშვილი აცხადებს, რომ სეს-ის მიერ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების შემოწმების აქტი ამ დრომდე არ ჩაბარებია.

“შემოწმების აქტი არ მიმიღია, შესამაბისად იურიდიულად არც გვევალებოდა ბაღები დაგვეხურა, მაგრამ გავითვალისწინეთ მოთხოვნები და შაბათ-კვირას სამზარეულოში რემონტი ჩავატარეთ. გამონაკლისია სოფელ ბაკურციხის ბაღის სამზარეულო. იქ დღეისთვის ვერ მოხერხდა რემონტის დასრულება, სამზარეულო დროებით სხვა ოთახში მოვაწყეთ და ასე რომ, ეს ბაღიც არაა დაკეტილი“, -განაცხადა თევდორაშვილმა.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ გურჯაანის ბაღების გაერთიანებას შემოწმების აქტი ფოსტით გადაეგზავნა და დოკუმენტების ჩაბარება დასვენების დღეების გამო შეფერხდა.