სიღნაღში 3000 ჰექტარი მიწა მოირწყვება

920

სიღნაღის მუნიციპალიტეტში სამელიორაციო პროექტების განხორციელება მიმდინარეობს, რომლის დასრულების შედეგად 3000 ჰექტარი მიწის ფართობი მოირწყვება.

პროექტის ფარგლებში, სოფელ ძველ ანაგაში აშენდა ახალი სატუმბი სადგური, მოეწყო სადაწნეო მილსადენი და წყლის რეზერვუარი. სამუშაოები ითვალისწინებს, ასევე, საექპლუატაციო გზის მოწყობას, სატუმბი სადგურის ელექტრომომარაგებით უზრუნველყოფას და ტერიტორიის კეთილმოწყობას. ძველი ანაგის სატუმბი სადგური მიმდებარე სოფლების 1 200 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობს მორწყავს.

“საქართველოს მელიორაციის” ცნობით, მიმდინარეობს ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის დანალექისა და მცენარეებისგან გაწმენდის სამუშაოები, რაც ხელს შეუწყობს არხში წყლის საპროექტო ხარჯის გატარებას. ამ სამუშაოების შედეგად 3000 ჰექტარ მიწის ფართობზე წყლის მიწოდება გაუმჯობესდება.

უწყების ცნობი, შესაბამისად, ეფექტურად მოირწყვება სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლები: ანაგა, ძველი ანაგა, ვაქირი, მაშნაარი, წნორი, ჯუგაანი, ტიბაანი, ხირსა, ქვემო მაჩხაანი
და ბოდბისხევი.

რეაბილიტაცია უტარდება, ასევე, ლაგოდეხის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის მონაკვეთს. პროექტის განხორციელების შედეგად, 300 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება სარწყავი წყლის მიწოდება.