ახალციხეში პირველი ყოველწლიური ფორუმი „სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგი“ გაიმართა

1105

წინა სტატია

„ძალიან მნიშვნელოვანია ფორმალიზება ინსტიტუციური დიალოგისა სახელმწიფო ხელისუფლებასა და ადგილობრივ ხელისუფლებებს, ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას ამ მიმართულებით”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პირველ ყოველწლიურ ფორუმზე – „სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგი“, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ფორუმის ინიციატორი და მასპინძელია საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობის კომიტეტი.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დეცენტრალიზაციის მიმართულებით რეფორმების განხორციელება ხელისუფლების პრიორიტეტია.

“დეცენტრალიზაცია ჩვენ გამოვაცხადეთ ჩვენი საქმიანობის, ჩვენი რეფორმების ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად. ამას მიეძღვნა საგანგებო ღონისძიებებიც, რომლებშიც მონაწილეობას იღებდნენ უმაღლესი თანამდებობის პირები. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ჩატარდა შესაბამისი ღონისძიებები და ჩვენ მკაფიოდ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ თვისობრივად უნდა ამაღლდეს დეცენტრალიზაციის ხარისხი საქართველოში, რაც ნიშნავს თავისთავად მმართველობის სისტემის ფუნდამენტურ გაუმჯობესებას, ეს არის უმთავრესი მიზანი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ჩვენი ხელისუფლებისათვის”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი განმარტებით, დეცენტრალიზაცია, კლასიკური გაგებით, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისთვის უფლებამოსილებებისა და ფინანსების გადაცემას ნიშნავს და სტრატეგიის მიზანი სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის უფლებამოსილებების გაფართოება და ფინანსური რესურსების გაძლიერება უნდა იყოს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, დეცენტრალიზაციის ეროვნულ სტრატეგიაზე აქტიურად მუშაობს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და ამ პროცესს საქართველოს პარლამენტის მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.

„ ჩვენ მზად ვართ ყველა ეტაპზე ჩავერთოთ ამ დოკუმენტის შემუშავებაში და ამ დოკუმენტის განხორციელების პროცესში“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისი შეფასებით, გაფართოებას საჭიროებს უფლებამოსილებები. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსური შესაძლებლობების გაფართოების და ადგილობრივი თვითმმართველობების სათანადო ადამიანური რესურსებით აღჭურვის მნიშვნელობა.

„ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ დავუახლოვდეთ ფისკალური დეცენტრალიზაციის ევროპულ მაჩვენებელს. ჩვენი ამოცანა არის, რომ სულ მცირე 7%-ი შეადგინოს ადგილობრივი თვითმმართველობის შემოსავლების ხვედრითმა წილმა მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით, რაც ნიშნავს იმას, რომ საშუალო ვადიან პერსპექტივაში რამდენჯერმე გაიზრდება ყველა მუნიციპალიტეტის შემოსავლები. ეს ნიშნავს ფუნდამენტურ ცვლილებას, ეს ნიშნავს უკეთეს მომსახურებას ჩვენი მოქალაქეებისათვის. ეს ნიშნავს მუნიციპალური უფლებამოსილებების უკეთეს განხორციელებას.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უფლებამოსილებებისა და ფინანსების გადაცემასთან ერთად აღიჭურვონ ადგილობრივი თვითმმართველობები სათანადო ადამიანური რესურსებით. შესაბამისად, საჭიროა, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა მომზადებისა და გადამზადების სათანადო კონცეფციის არსებობა და ესეც უნდა გახდეს დეცენტრალიზაციის სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარემ დეცენტრალიზაციის კიდევ ერთ მნიშვნელოვან კომპონენტზე გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, ძლიერი ადგილობრივი თვითმმართველობის ერთგვარი ქვაკუთხედია მოქალაქეთა მონაწილეობა.

„ბუნებრივია, თვითმმართველობა ნიშნავს იმას, რომ ადგილობრივი მოქალაქეები თვითონ, თავად აწესრიგებენ ადგილობრივი მნიშვნელობის საქმეებს. შესაბამისად, მოქალაქეთა მონაწილეობა არის ერთგვარი ქვაკუთხედი ძლიერი ადგილობრივი თვითმმართველობის. შესაბამისად, ძალიან დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს ინსტიტუციური მექანიზმების შექმნას ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა უფრო აქტიური მონაწილეობის უზრუნველსაყოფად. ესეც უნდა იყოს დეცენტრალიზაციის სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი მიზანი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, საქართველოს დეცენტრალიზაციის კუთხით მოწესრიგებული კანონმდებლობა აქვს და ის შესაბამისობაშია ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპულ ქარტიასთან. ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის გარანტიები კიდევ უფრო განმტკიცდა საკონსტიტუციო ცვლილებებით და ახლა მნიშვნელოვანია, საკანონმდებლო ცვლილებები პრაქტიკულ ნაბიჯებში გარდაისახოს.

„დეცენტრალიზაციის კუთხით ჩვენ გვაქვს მოწესრიგებული კანონმდებლობა, რომელიც არის შესაბამისობაში ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპულ ქარტიასთან. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ასევე, საკონსტიტუციო ცვლილებები. ამ ცვლილებებით კიდევ უფრო გამტკიცდა ადგილობრივი თვითმმართველობის გარანტიები და ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილებები უკვე პრაქტიკულ ნაბიჯებში გარდაისახოს და ძალიან მნიშვნელოვანია დეცენტრალიზაციის ხარისხის ამაღლება უკვე პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმით და ზუსტად ამას ეძღვნება ის სამუშაო, რომელიც ხორციელდება და წარმიმართება არსებითად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ ყურადღება საქართველოს პარლამენტის, კონკრეტულად კი – რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის როლზე გაამახვილა და კომიტეტის თავმჯდომარეს, ზაზა გაბუნიას მადლობა გადაუხადა. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა ამ პროცესში საერთაშორისო პარტნიორების როლი და მათ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ძალისხმევის შედეგად ჩვენ საბოლოოდ აუცილებლად მივაღწევთ დეცენტრალიზაციის, ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების ევროპულ სტანდარტებს. ეს არის ჩვენი უმთავრესი მიზანი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დამსწრეებს მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, რომელმაც საქართველოს პარლამენტს მნიშვნელოვანი ინიციატივისთვის მადლობა გადაუხადა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, დეცენტრალიზაციის რეფორმა ხელისუფლების უმაღლესი პრიორიტეტია. მისივე თქმით, უმნიშვნელოვანესია ის სრულიად ახალი ტენდენცია, რომელსაც საფუძველი 2014 წელს, თვითმმართველობის ახალი კანონის მიღებით ჩაეყარა.

„მოხარული ვარ, რომ დღეს აქ, ახალციხეში ჩვენ უმნიშვნელოვანეს ინიციატივას ვუყრით საფუძველს-დიალოგი სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის. მინდა, მადლობა გადავუხადო ზაზა გაბუნიას, პარლამენტს ამ ინიციატივისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ის რეფორმა, რომლის დაწყებაც ჩვენ, სულ ცოტა ხნის წინ, პარლამენტის თავმჯდომარესთან, ბატონ ირაკლი კობახიძესთან ერთად, დავაანონსეთ და უმნიშვნელოვანესია ის სრულიად ახალი ტენდენცია, რომელსაც 2014 წელს ჩაეყარა საფუძველი თვითმმართველობის ახალი კანონის მიღებით. რომელმაც აბსოლუტურად სხვა ჩარჩო ჩამოაყალიბა უფლებამოსილებების გამიჯვნის ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის და რომელმაც დასაბამი მისცა უფლებამოსილებების სულ სხვა დონეზე გამიჯვნას, განვითარებას და მათ შორის, რა თქმა უნდა, ფინანსური რესურსების სხვანაირ განაწილებასა და კომპეტენციების გამიჯვნას. ჩვენთვის უმაღლესი პრიორიტეტი გახლავთ ეს რეფორმა ჩვენი მომავალი რეფორმების რიგში. სავარაუდოდ, მას შემდეგ, რაც ჩვენ ჩავატარეთ, უკვე ზურგს უკან გვაქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი, ძირეული რეფორმები. ვფიქრობ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა უდავოდ იკავებს პირველ ადგილს მომავალი რეფორმების სიაში“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ღონისძიების მონაწილეებს მიმართა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა. მაია ცქიტიშვილის განცხადებით, დღეს საფუძველი მნიშნელოვან ინსტიტუციურ მექანიზმს ჩაეყარა. სიტყვით გამოსვლისას, მან ამ ტიპის ინსტიტუციური ფორმატებისა და მათში ადგილობრივი მოსახლეობისა და ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„დღეს დაედო საფუძველი ძალიან მნიშვნელოვან ინსტიტუციურ მექანიზმს, რომელიც კიდევ უფრო სხვა ხარისხზე აიყვანს ჩვენს ურთიერთობას, დიალოგს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის, ყოველდღიურ ურთიერთობას მისცემს ნამდვილად ინსტიტუციურ ფორმას და გააფართოებს მის შესაძლებლობებს“,-განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა. მაია ცქიტიშვილის თქმით, სამინისტრო მჭიდროდ ითანამშრომლებს საქართველოს პარლამენტთან.

ყოველწლიური ფორუმის მნიშვნელობასა და მიზანზე ისაუბრა სიტყვით გამოსვლისას რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნიამ. მისი განცხადებით, ფორუმი ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის მაღალი დონის, ფორმალიზებული, მუდმივმოქმედი საკონსულტაციო მექანიზმის შექმნას ისახავს მიზნად.

„ეს არის მნიშვნელოვანი ფორმატი იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ გვაქვს სრულიად განსხვავებული გამოწვევები, მათ შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის კუთხით და თანამშრომლობის ინტენსიფიკაცია, თანამშრომლობის ახალი ფორმატების, მათ შორის, დიალოგის ფორმატის განსაზღვრა ჩვენი ამოცანების სრულყოფისა და ეფექტურად შესრულებისთვის არის მნიშვნელოვანი გზა საბოლოო შედეგის მისაღწევად.

ეს ფორმატი მნიშვნელოვანია დეცენტრალიზაციის დაანონსებული რეფორმის კონტექსტში, ამ რეფორმით გათვალისწინებული სამუშაოების ეფექტურად შესასრულებლად. ეს ფორმატი მნიშვნელოვანია ქალაქებს შორის კავშირებისა და ურთიერთობების გაღრმავებისთვის, მნიშვნელოვანია, მათ შორის, ახალი იდეების და კარგი საერთაშორისო პრაქტიკის გასააზრებლად და გასაზიარებლად“,- განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ფორუმის დაფუძნებით თვითმმართველობის გაძლიერებისთვის კიდევ ერთი განაცხადი კეთდება. ზაზა გაბუნიამ პარტნიორ ორგანიზაციებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღნიშნა ამ ტიპის ფორმატის მნიშვნელობა.

„ჩვენ გვექნება საშუალება, ერთად მოვუყაროთ თავი ყველა საკითხს და რაც მთავარია, გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა, კოორდინირებულად ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ცალკეულ სექტორებში არსებულ გამოწვევებს ვუპასუხოთ სათანადოდ და მაღალეფექტურად“, – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას კომიტეტის თავმჯდომარემ.