ახალციხეში „სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის პირველი ყოველწლიური ფორუმი“ გაიმართება

685

5-6 მაისს ახალციხეში „სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის პირველი ყოველწლიური ფორუმი“ გაიმართება.

უწყების ცნობით, ფორუმს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და თბილისის მერი, საქართველოს თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი, კახა კალაძე გახსნიან. ფორუმის ინიციატორი და მასპინძელია საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი, ზაზა გაბუნიას ხელმძღვანელობით.

მათივე ცნობით, ღონისძიების მონაწილეები იმსჯელებენ თემებზე: რეგიონული უთანაბრობა, დეცენტრალიზაციის რეფორმა, ინსტიტუციური დიალოგი და მუნიციპალიტეტებს შორის კავშირების ფორმირება და გაძლიერება.

ფორუმში მონაწილე მერები მიღწეულ შედეგებზე ისაუბრებენ და თვითმართველობაში არსებულ გამოწვევებზე საკუთარ ხედვას წარმოადგენენ. ფორუმის მხარდამჭერები არიან: აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP), ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) და World Vision. ღონისძიება იმართება შვეიცარიის, ავსტრიისა და დანიის მთავრობების ფინანსური ხელშეწყობით.