მიწისქვეშა საპარკინგე ადგილების მშენებლობისთვის ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდება

678

თბილისის საკრებულოში დღევანდელ სხდომაზე დეპუტატები დღის წესრიგით გათვალისწინებულ 43 საკითხს განიხილავენ. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

დედაქალაქის საკრებულოს ცნობით, ერთ-ერთი ძირითადი საკითხი, რომელზეც დღეს დეპუტატები იმსჯელებენ მრავალდონიანი მიწისქვეშა ავტოსადგომების მშენებლობის შესახებ ინტერესთა გამოხატვის გამოცხადებაა.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძის განცხადებით, ინტერესთა გამოხატვა სამ ლოკაციაზე, გეგეშიძის ბაღის, ვარკეთილის მეტროსა და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიებზე გამოცხადდება. მისივე თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ მიწისქვეშა საპარკინგე ინფრასტრუქტურის მოწყობა საკმაოდ ძვირი ჯდება, გადაწყვეტილია, რომ აღნიშნული ტერიტორიები ინვესტორს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცეს.

„ჩვენ დღეს განვიხილავთ იმ საკითხს, რომელზეც თბილისის მერია დიდი ხანია მუშაობს. ეს გახლავთ მიწისქვეშა საპარკინგე ინფრასტრუქტურის მოწყობა. გამომდინარე იქიდან, რომ მიწისქვეშა საპარკინგე ინფრასტრუქტურის მშენებლობა საკმაოდ დიდ ხარჯებს უკავშირდება, რაც მის რენტაბელობაზე აისახება. სწორედ ამიტომ, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ტერიტორიები ინვესტორს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცეს. ჩვენ ვიღებთ იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც თბილისელების ინტერესებზეა მორგებული. ვფიქრობ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება, ხელს შეუწყობს საპარკინგე ადგილების ზრდას და ქალაქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარებას“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

მისივე თქმით, როდესაც ანალოგიური გადაწყვეტილება პუშკინის სკვერთან მიმართებაში იქნა მიღებული და მილიონი ლარის ვალდებულების სანაცვლოდ, მიწისქვეშა საპარკინგე სივრცის მოსაწყობად, კერძო ინვესტორს აღნიშნული ტერიტორია გადაეცა, ამას ოპონენტების მხრიდან მავნებლური ხმაური და წინააღმდეგობა მოჰყვა.

„ჩვენ მაშინაც მხოლოდ თბილისელების ინტერესებზე ორიენტირებული გადაწყვეტილება მივიღეთ“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

დღესვე წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები, საკრებულოს სხდომაზე, სამგორის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე კახაბერ გულედანის დანიშვნაზე იმსჯელებენ.