გზების დეპარტამენტმა სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებელი კომპანია გააფრთხილა

1434

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქარსელაძემ, კომპანია „China Railway 23rd”-თან, სამტრედია-გრიგოლეთის მე-4 მონაკვეთის მშენებელობის მიმდინარეობა განიხილა.

გზების დეპარტამენტის ცნობით, სამშენებლო სამუშაო მნიშვნელოვანი ხარვეზებით და ჩამორჩენით მიმდინარეობს, რის გამოც კომპანიას დეპარტამენტის მხრიდან მკაცრი გაფრთხილება და შენიშვნები მიიღო.

“კომპანია „China Railway 23rd” ვალდებულია, უმოკლეს ვადებში წარმოადგინოს პრობლემების გადაჭრის გზები და ახალი გეგმა-გრაფიკი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის კომპანიას ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქციები დაეკისრება.

შეხვედრაზე, ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა, რომ ყველა არაკეთილსინდისიერ კომპანიას, რომელიც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს პროექტს შეაფერხებს ან ხარისხი არ იქნება დამაკმაყოფილებელი, უმკაცრესად მოეთხოვება პასუხი”, – წერია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.