მოსახლეობის თხოვნით, სოფელ ინგირს მშენებარე საკანალიზაციო ქსელში ჩართავენ

565

წინა სტატია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში ადგილობრივმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. მათ ცენტრალურ საკანალიზაციო სისტემასთან მოსახლეობის საცხოვრებლების მიერთება მოითხოვეს.

როგორც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ფილიალის ხელმძღვანელი დათა შელეგია აცხადებს, მოსახლეობის თხოვნა გათვალისწინებული იქნება და ისინი ჩართული იქნებიან წყალარინების ქსელში. მან „ლაივპრესთან“ საუბარში განაცხადა, რომ მერიამ მათ შესაბამისი შუამდგომლობით მიმართა:

“მერიამ მოგვმართა შუამდგომლობით, რომელიც გათვალისწინებულ იქნა „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ხელმძღვანელების მიერ. ამჟამად, მიმდინარეობს პროცედურები პროექტში ცვლილებების შეტანაზე. უახლოეს პერიოდში მასში იქნება ეს ცვლილება განხორციელებული და, შესაბამისად, პროექტის მშენებლობის დამთავრებამდე ეს ადამიანები ჩაერთვებიან წყალარინების საერთო ქსელში“, – განმარტა დათა შელეგიამ.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ გერმანულ კომპანია „Ludwig Pfeiffer-თან“ ზუგდიდის წყალარინების ქსელის მშენებლობაზე ხელშეკრულება 2016 წელს გააფორმა.პროექტი გულისხმობს წყალარინების სატუმბი სადგურის მშენებლობასა და 178 კმ-ი ქსელის მოწყობას ქალაქის მასშტაბით.

პროექტი, რომლის განხორციელებისთვის აზიის განვითარების ბანკმა 84 მილიონ ლარზე მეტი ფინანსური რესურსი გამოყო, 2020 წლის ოქტომბერში დასრულდება.