ნახევარხიდი 42 ათას ლარად

1006

სტატია მომზადებულია “აი ფაქტის” ჟურნალისტების მიერ

დაზმირ ნიჩბიანი 70 წლისაა და ოჯახთან ერთად სოფელ ხერიაში მარტო ცხოვრობს. მისი სახლი ცხენისწყალს გაღმა მდებარეობს და გარე სამყაროს მოწყვეტილია. სხვა ადამიანებთან დასაკავშირებლად მთის მდინარის ხიდის მეშვეობით გადალახვაა საჭირო. თუმცა, ხიდი ნახევრად არსებობს და მასზე ბოლომდე გავლა შეუძლებელია. იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ხიდს ნახევრად დასრულებული ზედაპირი და მორყეული ბურჯი აქვს.

ლენტეხის მუნიციპალიტეტმა სოფელ ხერიას ხიდის შესაკეთებლად ტენდერი 2017 წლის ოქტომბერში გამოაცხადა, გამარჯვებულად ქუთაისური კომპანია, შპს TU-KA გამოვლინდა. სამუშაოები 2017 წლის დეკემბერში დაიწყო და მალევე შეწყდა. არადა, კონტრაქტის მიხედვით სამუშაოები 6 იანვარს უნდა დასრულებულიყო. ამ დროისთვის, მუნიციპალიტეტს სამუშაოების საერთო ღირებულების 60 პროცენტი უკვე გადახდილი აქვს.

კომპანიის დირექტორმა გვითხრა, რომ ზამთრის ამინდების გამო მუშაობას ვერ აგრძელებდნენ. ამიტომ, ლენტეხის მერიამ სამუშაოების განახლების ახალ ვადად 1 აპრილი დაასახელა. ჩვენ ადგილზე 3 აპრილს ვიყავით, თუმცა, იქ არავინ მუშაობდა. მოსახლეობამაც გვითხრა, რომ ხიდი თვეების წინ მიატოვეს და იქ არავინ არაფერს აშენებდა.

ლენტეხის მერი ბადრი ლიპარტელიანი 3 აპრილს დაგვპირდა, რომ დაზმირ ნიჩბიანის ოჯახი აღდგომას მდინარის მეორე მხარეს, საფლავზე წასვლას შეძლებდა.

სამუშაოები 2 მაისსაც არ განახლებულა.

მშენებელი კომპანიის დირექტორი, ომარ თოთაძე ამბობს, რომ ხიდის რეაბილიტაციისთვის მომზადებული საპროექტო დოკუმენტაციის შეცვლა დასჭირდათ. “ბურჯის საკითხი იყო გადასაწყვეტი, კორექტირება გაკეთდა და მრგვალი ბეტონის კალცოები გახდა საჭირო, რომ ბეტონი ჩავასხათ. კორექტირება 2-3 კვირა დააგვიანდა. აპრილში ავიტანეთ ბეტონი ხიდთან, მაგრამ ვერსად ვერ ჩავასხით, რადგან ეს “კალცოები” არ გვქონდა. ქუთაისში ხომ არ წამოვიღებდით უკან ამ ბეტონს, ამიტომ იქვე დავღვარეთ. მერე გადაწყდა, რომ ეს პროექტი უნდა შეიცვალოს. დაახლოებით, 700 ლარი ვიზარალე ამ ბეტონის გამო. დაგვიანების გამო მე მთელი ტენდერის თანხიდან დამიკავებენ ჯარიმის თანხას, ყველა გადაცილებულ დღეზე, დაახლოებით, 13 ლარია,” – გვითხრა თოთაძემ სატელეფონო საუბრისას.

საპროექტო დოკუმენტაციაც ქუთაისში რეგისტრირებულმა კომპანიამ, შპს “არქიტექტმა” მოამზადა და შეცვლითაც მათ შეცვალეს.

კობა ჭიღლაძემ, კომპანიის ხელმძღვანელმა, სატელეფონო საუბრისას გვითხრა, რომ მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურმა მასთან შეთანხმების გარეშე შეცვალა პროექტის დეტალები. ჭიღლაძის პროექტის თანახმად, ბურჯის სიმაღლე 1.5 მეტრი უნდა ყოფილიყო, ზედამხედველობის სამსახურმა კი გადაწყვიტა, რომ ეს მაჩვენებელი 2.5 მეტრამდე გაეზარდა. “ზედამხედველობამ დაიყვანა სიღრმეზე ბურჯები, როგორც კი მშენებლობა დაიწყო. ამან გამოიწვია წყლის მოვარდნა და იქ ბეტონის ჩასხმა შეუძლებელი გახდებოდა. ამის შემდეგ გახდა საჭირო არსებული საპროექტო დოკუმენტაციის შეცვლა,” – გვეუბნება ჭიღლაძე.

ლენტეხის მერს, ბადრი ლიპარტელიანს 30 აპრილს ვესაუბრეთ. მან გვითხრა, რომ შპს “არქიტექტის” მიერ მომზადებული საპროექტო დოკუმენტაცია, როგორც აღმოჩნდა, არ იყო კარგი ხარისხის და ამან გამოიწვია შეფერხება. არადა, ლენტეხის მერიამ ჭიღლაძის მიერ შესრულებული სამუშაო 2017 წლის 24 აგვისტოს დამაკმაყოფილებლად მიიჩნია და კომისიის წევრებმა მიღება-ჩაბარების აქტზე ხელიც მოაწერეს.

ახლა ხიდის მშენებლობის განახლება ახალი, კორექტირებული პროექტის დამტკიცებაზეა დამოკიდებული. მშენებელი კომპანიაც მთავრობის ამ გადაწყვეტილებას ელის, რომ ადგილზე სამუშაოები დაიწყოს.

ლენტეხის მერი, ბადრი ლიპარტელიანი თვლის, რომ ხერიას ხიდზე ჩატარებული ეს სამუშაოები დროებითია და სამომავლოდ ამ სოფელში ახალი, კაპიტალური ხიდის მოწყობაა საჭირო. ეს კი ლენტეხის ბიუჯეტს ასიათასობით ლარი დაუჯდება.