“გორის ოლქის” ცხოვრება 1918-1921 წლებში

843

“სამოქალაქო აქტივიზმის კვლევის ცენტრმა“ გამოსცა ნაშრომი “საართველოს რეგიონების ცხოვრება 1918-21 წლებში“, რომელიც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ასი წლის იუბილეს მიეძღვნა. ამის შესახებ “შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი” წერს.

წიგნის ავტორები არიან: გიორგი არობელიძე; თეიმურაზ ბეჟანიძე; მარიამ გულიაშვილი; თამარ მეჭურჭლიშვილი; ნათია ქარჩილაძე; თორნიკე შევარდნაძე.
სამეცნიერო რედაქტორი: ლელა გაფრინდაშვილი.

გამოცემა მომზადებულია პროექტის – “ადგილობრივი დემოკრატია საქართველოში − 1918-1921 წლების გამოცდილება” − ფარგლებში, “სამოქალაქო აქტივიზმის კვლევის ცენტრის” მიერ, ფონდის – “ღია საზოგადოება – საქართველო“ ფინანსური მხარდაჭერით.

გთავაზობთ ამონარიდს წიგნიდან, რომელიც ეხება “გორის ოლქის” ცხოვრებას 1918-1921 წლებში.

მთავრობაში დახმარება გორის გარნიზონს

“მთავრობამ დაადგინა ფინანსთა მინისტრის თავმჯდომარეობით დააარსოს კომისია, რომელიც შეიმუშავებს საკითხს გარნიზონის იმ სამხედრო პირებისადმი დახმარების აღმოჩენის შესახებ, რომელნიც მიწის ძვრის დროს დაზარალდნენ. კომისიაში შევლენ დაინტერესებულ უწყებათა წარმომადგენლები, და აგრეთვე გორის მიწისძვრისაგან დაზარალებულთა დამხმარე მთავარ კომიტეტის წამომადგენლები“.

“საქართველოს რესპუბლიკა: მთავრობის მოამბე”,

#189, 1920

 

სოფელი მუხრანი

“მუხრანი, დუშეთის სათემოში, ერთ დიდ სოფელთაგანია. ამ სოფელზე ბევრი რამ დაწერილა გაზეთის ფურცლებზე და კვლავაც ბევრი დაიწერება. აქ თითქმის ყველა დაწესებულებაა დაარსებული: სკოლა (მალე ოთხ კლასიანი იქნება), ბიბლიოთეკა, ფოსტა-ტელეგრაფი, ერობა, კოოპერატივი და სხვა. მხოლოდ მუხრანს არა აქვს თეატრი, რისთვისაც ადგილობრივ ინტელიგენცია და უფრო ერობის გამგეობა დიდ საყვედურის ღირსნი არიან. ენკენისთვეს 5 თემის შენობაში შესდგა ხმოსანთა კრება. კრებას დაესწრნენ აგრეთვე დუშეთის თემის წარმომადგენელნი: ამხ. კალანდარიშვილი და თობაძე.

კრების საგანი იყო:
1) თემის თავმჯდომარის დონდოლაძის მოხსენება,
2) ძველი წევრების გადაყენება და ახლების ამორჩევა,
3) თავმჯდომარის დონდოლაძის მიერ უკანონო მოქმედება და სხვა საკითხები.

კრება გაიხსნა ადგილობრივ ექიმის ბიტ-აბრამოვის თავმჯდომარეობით და გიორგი ნათაშვილის მდივნობით. ბატონმა დონდოლაძემ მოკლე მოხსენება წაიკითხა, სადაც მან აღნიშნა გულახდილად, რომ სხვა და სხვა მიზეზისა და დაბრკოლებების გამო მუხრანის თემმა ის ვერ გააკეთა, რაც მის დანიშნულებას შეადგენდა და შემდეგ უსურვა მომავალი გამგეობის წევრებს მეტი ენერგია და ნაყოფიერი მუშაობა. მოხსენების შემდეგ კრებამ აარჩია სამი კაცისაგან შემდგარი კომისია და მიანდო მას ბატონ დონდოლაძის წინააღმდეგ გვარდიის უფროსის ვასო მაყაშვილის და ანტონაშვილის მიერ წამოყენებულ ბრალდებების გარჩევა.

თავმჯდომარის ადგილის კანდიდატებად დაასახელეს სოფ. ილტოზის მცხოვრები კარგად შეგნებული, მუშა ადამიანი მიხეილ გიორგობიანი და მუხრანიდან მიქაძე, მაგრამ არც ერთი არ იქმნა გაყვანილი, ვინაიდან დასახელებული კანდიდატები კრებაზე არ დაესწრნენ და მათი თანხმობის რწმუნებულება კრებას არა ჰქონდა. არჩევნები შემდეგ კრებისთვის გადაიდო“.

“საქართველოს რესპუბლიკა: მთავრობის მოამბე“, #198,

1920

 

საერობო არჩევნები სოფ. კავთისხევში

“ყველასთვის ცხადია, თუ რა უდიდესი მნიშვნელობა აქვს ერობის შემოღებას ჩვენში განსაკუთრებით დღეს, როდესაც სოფლის გაჭირვებული და უმწეო მდგომარეობა პირდაპირ აუტანელი ხდება. ყოველი ხალხის გულშემატკივარი და მით უმეტეს პარტია იმას უნდა სცდილობდეს, რომ ხალხის მართვა-გამგეობის სათავეში ისეთი პირები მოექცნენ, რომელთა ზრუნვის საგანი ხალხის ჭირ-ვარამის შემსუბუქება და უმწეო მდგომარეობის გაუმჯობესება იქნება.

ამ ნიადაგზე წარმოება აგიტაციისა ხალხში ყოველ პარტიის მიერ, რომ თავის დასახელებული კანდიდატები გაიყვანოს და ამგვარად გამარჯვება არგუნოს თავის პარტიას ბევრი ხმების მიღებით, შესაწყნარებელიცაა და აუცილებელიც. მაგრამ წესიერებისა და სამართლიანობის ნორმები მაინც არ უნდა შებღალოს თავისი მოქმედებით. სწორედ ასეთი იყო მოქმედება კავთისხეველ სოც. დემოკრატებისა − შელახვა სამართლიანობისა და უარყოფა იმ წესებისა, რომლებიც შემოღებულია საერთოდ არჩევნების წესიერ მოხდენისათვის.

არჩევნები სექტემბრის 30-სთვის იყო დანიშნული. კვირა დილით სოფლის კანცელარიისკენ ხალხმა იწყო დენა არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. ბევრი მათგანი გამოცხადდა 4-8 საარჩევნო ბარათით ხელში. სოც. დემოკრატებმა ნება დართეს ყოველ ამომრჩეველს ესარგებლნა სხვის ბარათებით და ამგვარად ერთ ამომრჩეველს უფლება ეძლეოდა რამოდენიმე ბიულეტენი ჩაეგდო ყუთში. ჩვენ განვუცხადეთ, რომ ყოვლად შეუძლებელია ასეთი წესით არჩევნების წარმოება, რომ ეს დარღვევაა და უარყოფა იმ წესისა, რომელიც საერთოდაა მიღებული სახელმძღვანელოდ არჩევნების კანონიერ მოხდენისთვის.

ჯერ არ უნდოდათ ეს შეეგნოთ და ასტეხეს განგაში, დაიწყეს თავისებური დემაგოგობა, რომ თქვენ ხელს გვიშლით, თქვენი მიზანი მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების ჩაშლაა და სხვ. მაგრამ ბოლოს, როგორც იქმნა, დავითანხმეთ და უარვაყოფინეთ თავიანთი უკანონო გადაწყვეტილება. ამის შემდეგაც ბევრს უკანონობას, დასაგმობ და შეუწყნარებელ მოქმედებას ჰქონდა ალაგი, მაგრამ აქ იმათ აღნუსხვას აღარ გამოუდგებით.

არჩევნების მეორე დღეს, როცა ყუთები უნდა გახსნილიყო, კომისიის წევრებს მოვსთხოვეთ ამომრჩეველთა სიები, რომ შემოგვემოწმებინა კანონიერება ყუთებში აღმოჩენილ ხმებისა, მაგრამ ასეთ სამართლიან მოთხოვნილებაზე სოც. დემოკრატებმა კატეგორიული უარი გვითხრეს, სიები არ წარმოადგინეს და განაცხადეს, თქვენ მაგის უფლება არა გაქვთო. ჩვენ აუხსენით, რომ თქვენი ქცევა ყოვლად შეუწყნარებელია და არღვევთ იმ საერთო წესს, რომელიც არჩევნებისთვის არის შემოღებული, როდესაც თქვენ ჩვენს სამართლიან მოთხოვნილებას არ აკმაყოფილებთ, მაგრამ ისინი მაინც მტკიცე უარზე იდგნენ: სიებით შემოწმება ხმებისა რა საჭიროა, გავხსნათ ყუთები პირდაპირ და დავთვალოთო.

შეთანხმება შეუძლებელი გახდა, ამიტომ კომისიის მიერ გაგზავნილ იქმნა კაცი ახალქალაქის სარაიონო კომისიის თავმჯდომარესთან ამ ინციდენტის შესატყობინებლად. სარაიონო კომისიის თავმჯდომარემ სთქვა, თქვენი მოთხოვნა სამართლიანი და კანონიერიაო. მხოლოდ ამის შემდეგ დაგვეთანხმენ სოც. დემოკრატები სიების გადასინჯვას. მაგრამ გვიან იყო, რადგან ამ ხნის განმავლობაში უკვე მოასწრეს სიების შესწორება, მაგრამ ისე მაინც ვერ, რომ მათ მიერ ჩადენილი უკანონობანი არ გამომჟღავნებულიყო.

ამის შემდეგ ყუთები გახსნეს და შეუდექით ხმების დათვლას და რა გამოირკვა? მიუხედავად იმისა, რომ სიები თავისებურად შეასწორეს და გაამრავლეს გამოცხადებულ ამომრჩეველთა რიცხვზე ზედ-მეტი ნიშნების დასმით, დამატებითი სიების შედგენით არჩევნების დღეს, მაინც ყუთებში ბიულეტენების რაოდენობა მეტი აღმოჩნდა ამომრჩეველთა რიცხვზე“. […]

დამსწრე “სახალხო საქმე”, #351, 1918

 

მღვდლის თავგასულობა

რედაქციას მოუვიდა გორის მაზრის სოფ. მეღვრეკისის მცხოვრებთა წერილი, რომელსაც ხელს აწერს ორმოც და ჩვიდმეტი კაცი. წერილში მცხოვრებნი უჩივიან მღვდელ შალაქია მალაქია ლომიძეს, რომელიც რაიონის კომისრის და მილიციონერის დახმარებით დაჰრევია სოფელს და დრამა აუკრეფია. დაუტეხნიათ სახლები და ბევრისთვის ნაყიდი სარჩო წაურთმევიათ. საჩივარში ჩამოთვლილია 6 ისეთი გლეხი, რომელთაც ვაი-ვაგლახით ნაყიდი პური წაართვეს.

წერილში აღნიშნულია აგრედვე, რომ მღვდელს და კომისარს (რომლის მწერლად მღვდლის შვილია) კუდი-კუდზე აქვთ გადაბმული და ერთმანეთის ბოროტებას ჰფარავენ. თვით კომისარი ხალხისაგან ჩამორთმეულ იარაღს ოსებზე ჰყიდის თურმე. მცხოვრებნი მოითხოვენ მთავრობამ ყურადღება მიაქციოს ამ გარემოებას და ხალხი დაიხსნას გათავხედებულ მღვდლის და რაიონის კომისრის ძალადობისგან“.

“სახალხო საქმე”, #389, 1918

 

გორის მუშა

მოსამსახურეები აუტანელ პირობებში არიან. მათ არ გააჩნიათ არც საათი მუშაობის და არც დრო დასვენების. ხშირათ შეხვდებით ღამე მომუშავეებს. ზოგს გაღებულ კარებში დუქნის და ზოგსაც დარაბები დაუხურავს და შიგ ამუშავებს საწყალ პატარა უწლოვან ბავშვებს. როგორც გადმოგვცემენ, აქაურ მოსამსახურეებს ქონებიათ პროფესიონალური კავშირი, რომელსაც ხელმძღვანელობდა გ. მანაზაროვი. მაგრამ მას შემდეგ არავითარი შრომა არ მიუღია საჭირო.

მისი მოწყობა აუცილებელია, რომ ამით ,,ხაზეინების“ თავგასულობას ბოლო მოეღოს და ზნეობრივ-გონებრივი ამაღლება და განვითარება მიიღონ მუშა-მოსამსახურეებმა…“

ძველი მუშა

“ერთობა”, #70, 1919

 

მუშათა შორის
ქ. გორი.

“აქ არსებობს სპიჩკის (წუმწუმის) ქარხანა, სადაც ამუშავებენ მცირე წლოვან ბავშვებს და არა მოზრდილებს. შრომის პირობები აუტანელია. ბავშვებს მთელი ორგანიზმი ეწამლებათ და ადრევე სნეულდებიან. თითო წუმწუმი ყუთის გაკეთებაში ღებულობენ ექვს კაპიკს და დღეში კი აკეთებენ ექვსშვიდ ცალს. ასეთ საშინელ სიძვირის დროს ასეთ ხელფასით, როგორ უნდა ირჩინოს თავი ადამიანმა ამ ფულით?

მუშაობა უხდებათ ბავშვებს არა ნაკლებ 12 საათისა. ქარხანაში საშინელი სუნი ტრიალებს, ბავშვები ჩამომხმარ-ჩამოყვითლებულები არიან. იყო შემთხვევა ისეთი, რომ ბავშვი სამუშაოდან მიდიოდა სახლში, დასუსტებულმა ბავშვმა ვერ მიაღწია შინამდის, კარებთან წაიქცა და გული შეუღონდა. ასეთია მათი მდგომარეობა.

ქარხნის პატრონი ცდილობს, დიდხანს ამუშავოს ბავშვები, ვიდრე ხელფასი მისცეს და მის საშუალებით თავისი ჯიბე გაისქელოს. საჭიროა, რაც შეიძლება ჯეროვანი ყურადღება მიექცეს ამას“.

“ერთობა”, #101,

1919
დამფუძნებელი კრების დღესასწაული

“მარტის 12 დილიდანვე სუსხიანი დღე იყო… მიუხედავად ამისა, 11 საათზე სამხედრო მუსიკა და გვარდიელების რაზმი გავიდა გარეთ უბანს და იქიდან დაკვრით წამოვიდა − გზა და გზა პროცესია იზრდებოდა და სამეფო ქუჩაზე ჩამოსვლის დროს კი სრულიად გაივსო ქუჩა ხალხით. პროცესია ჯერ შეჩერდა ყოფილი თვითმმართველობის შენობასთან. აქ შ. ჯავახიშვილმა სთქვა პირველი სიტყვა.

შემდეგ მილიციის და სახალხო გვარდიის შტაბის წინ ილაპარაკეს ილფრიძემ, ვარდოიანცმა და მასწავ. მიგინეიშვილმა. უკანასკნელმა მიულოცა ხალხს სოც. ფედერალისტთა სახელით და მშვენივრად დაასურათა მსველობა, თუ როგორ აფრთხობდა კერენსკის მთავრობას ერების თვით გამორკვევა და დღეს კი პატარა საქართველო თავისი დამოუკიდებლობით და დღევანდელი დამფუძნებელი კრების მოწვევის სიდიადით მთელი რუსეთის მაგალითი და თითით საჩვენებელი შეიქნა.

ამას ჩვენ უნდა უმადლოდეთ აი ამ გვარდიას − ხალხის შვილებს და მამაც ჯარისკაცებს, რომელნიც ამ წუთშიაც სისხლსა ღვრიან დიდებული მესხეთის დასაცავად. შემდეგ ერობის წარმომადგენელმა ახალაძემ ილაპარაკა, ქალაქის თვითმმართველობის სახელით კობიძემ და სხვებმა. შემდეგ პროცესია შეჩერდა კეცხოველის და მაჩაბლის ძეგლთან. აქ ილაპარაკა კიდე ჯავახიშვილმა და ეგნატაშვილმა, რომელმაც მიუთითა ამ მსხვერპლებზე და მრავალ სხვაზე, რომელნიც ბორჩალო ნატანებში შეიწირნენ და დღესაც ახალციხეში იწირებიან. ყველა ორატორის სიტყვის გათავების შემდეგ სამხედრო მუსიკა ქართულ ჰიმნს ასრულებდა, რომელსაც ხალხი ქუდ მოხდილი ისმენდა“.

“სახალხო საქმე”, #487,

1919
კასპი

კასპიდან პარლამენტის წარმომადგენლებმა მიიღეს შემდეგი ტელეგრამა: ჩვენ, კასპის მცხოვრებლები, 260 სომხეთის მოქალაქე, გიცხადებთ თქვენ, საქართველოს რესპუბლიკის გლეხების საბჭოს წარმომადგენელთ, გულწრფელ თანაგრძნობას, სომხეთის სახელმწიფოს მიმართ გამოთქმული სიძულვილის გამო, მათი უადგილო და არამეგობრული პოლიტიკის გამო, რომელსაც ის ახორციელებს ახალგაზრდა საქართველოს რესპუბლიკის მიმართ.
ჩვენ, საქართველოს რესპუბლიკისთვის, 260 ადამიანს გამოვყოფთ და გავწირავთ“.

«Тифлисъ», #93,
1918