არჩილ თოდუა: “საჭიროა მეტი ფინანსური დეცენტრალიზაცია, რათა მუნიციპალიტეტებს ჰქონდეთ თვითკმარი ბიუჯეტი”

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიდან უკვე 6 თვეზე მეტია გასული, მაგრამ, როგორც ჩანს, თვითმმართველობის პრობლემები უცვლელი დარჩა.

არჩევნებამდე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 9 მუნიციპალიტეტი იყო, მათ შორის, ქალაქ ზუგდიდს თვითმმართველი ქალაქის  სტატუსი ჰქონდა და ცალკე მუნიციპალიტეტს წარმოადგენდა. ქალაქ ზუგდიდის და ზუგდიდის სათემო მუნიციპალიტეტის გაერთიანების შემდეგ 8 მუნიციპალიტეტი დარჩა, საიდანაც ყველაზე დიდი სწორედ ზუგდიდის გაერთიანებული მუნიციპალიტეტია.

ქალაქის 42 998 და თემის 62 511 მცხოვრები, ჯამში, 105 509 ადამიანი, ახლა ერთი – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მკვიდრია. სწორედ მათი კეთილდღეობისა და ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვის მოტივით გააუქმეს ქალაქ ზუგდიდის თვითმმართველობა.

არჩევნებიდან ექვსი თვის შემდეგ როგორია რეფორმის შედეგი, შესრულდა თუ არა დანაპირები და რა პრობლემებია მუნციპალიტეტებში, droa.ge  „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ზუგდიდის რეგიონული წამომადგენლობის კოორდინატორს, არჩილ თოდუას ესაუბრა. 

არჩილ თოდუა:  ამ თემაზე საუბარი შარშანდელი ამბებით უნდა დავიწყოთ, თვითმმართველი თემის და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გაერთიანების შედეგად, შეიქმნა ერთი ახალი მუნიციპალიტეტი, რომელმაც საქმიანობა არჩევნების შემდეგ დაიწყო. ამ პროცესს წინ უძღოდა ამჟამად ლიკვიდირებული ქალაქ ზუგდიდისა და ზუგდიდის თემის მუნიციპალიტეტებში მომუშავე მოხელეებთან გასაუბრების პროცესი. ჩვენ მივმართეთ კომისიებს თხოვნით, რომ მოეცათ პროცესისთვის დაკვირვების შესაძლებელობა, თუმცა, სამწუხაროდ, უარი გვითხრეს.

ჩვენ ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობას რამდენიმე მიმართულებით ვაკვირდებით. ყოველწლიურად ვაწვდით რეკომენდაციებს ბიუჯეტთან დაკავშირებით, ვსწავლობთ მუნიციპალიტეტის ცალკეული სამსახურების საქმიანობას, ვაკვირდებით, თუ რამდენად იზრდება ან მცირდება ადმინისტრაციული ხარჯები, დასაქმებულთა რაოდენობა და ა.შ.

საკრებულოს ხმაურიანი სხდომა ქალაქ ზუგდიდის გაუქმებასთან დაკავშირებით

წინა წლების განმავლობაში ძალიან მწვავე პრობლემად იდგა გაბერილი ადმინისტრაციული რესურსები და, როდესაც მუნიციპალიტეტების გაერთიანებაზე მიმდინარეობდა მსჯელობა, ერთ-ერთი არგუმენტი სწორედ მისი შემცირება იყო. რეალურად კი, ჩვენ მივიღეთ ის, რომ ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობა, ზუგდიდის შემთხვევაში, გაიზარდა.

– თავად ა(ა)იპ-ების რაოდენობა თუ შემცირდა და როგორ?            

–  ა(ა)იპ-ების რაოდენობა შემცირდა, მაგრამ არა აქ დასაქმებულთა რაოდენობა. მანამდე ორ მუნციპალიტეტში ჯამურად რაც იყო დასაქმებული, ახლა იმაზე მეტი მუშაობს.

– თვითმმართველობები  თავის მოვალეობას, იმ კომპეტენციის ფარგლებში, რაც გააჩნიათ, ასრულებენ?  მოსახლეობის რამე პრობლემა გვარდება?  

–  თვითმმართველობებს მთელ საქართველოში, მათ შორის, ზუგდიდშიც, არ აქვთ საკმარისი ფინანსური რეურსები და უფლებამოსილებები ყველა იმ პრობლემის მოსაგვარებლად, რაც ადგილზე არსებობს. ეს არის ზოგადი პრობლემა და მის მოსაგვარებლად მეტ დეცენტრალიზაციაა აუცილებელი. ასევე, მოქალაქეთა ჩართულობა არ არის ეფექტიანი. უნდა არსებობდეს მეტი გარანტია, რომ მათ მიერ წამოყენებული საკითხი აუცილებლად მოგვარდება.

ახლა ქალაქში კეთდება კანალიზაციის და წყალმომარაგების სისტემა, მაგრამ სოფლების უმეტეს ნაწილში ეს პრობლემა არ არის გადაწყვეტილი. მუნიციპალიტეტს, შესაძლოა, ჰქონდეს ამის გაკეთების სურვილი, მაგრამ ვერ მოაგვაროს იმიტომ, რომ არ აქვს საკმარისი რესურსები.

– საყოფაცხოვრებო დონეზე რა არის მთავარი პრობლემა, რომლის მოგვარებაც, ფინანსური რესურსის არქონის გამო, ვერ ხერხდება?

–  გზების პრობლემაა როგორც ქალაქში, ისე სოფლებში. რამდენიმე სოფელში გაკთდება გზა, მაგრამ შიდასასოფლო გზები მოუწესრიგებელია. ასევე, საბავშვო ბაღების რეაბილიტაციაც მიმდინარეობს და ახლებიც შენდება, თუმცა, არის ისეთი ბაღებიც, რომლებიც განახლებას საჭიროებს. სოფლის ბიბლიოთეკების ნაწილიც სარეაბილიტაციოა. ზოგგან კი განახლდა და რამდენიმე ახალიც აშენდა, მაგრამ არის სოფელები, სადაც ეს პრობლემა ჯერ კიდევ გადაუწყვეტილია.

მოუწესრიგებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემაც. მნიშვენლოვანია, რომ თვითმმართველობამ ამ მიმართულებითაც აქტიურად იმუშაოს.

– მოსახლეობა გადაწყვეტილების მიღებაში ჩართულია? 

–  ჩვენ ამ საკითხზე  შარშან გვქონდა კვლევა, თუ რამდენად ეფექტიანად მუშაობს მუნიციპალიტეტში ჩართულობის მექანიზმები. როგორც აღმოჩნდა, მექანიზმი კი მუშაობს, მაგრამ არასაკმარისად არის გამოყენებული.

– რატომ, რა არის ამის მიზეზი? მოსახლეობას არა აქვს სურვილი, თუ საშუალებას არ აძლევენ?

–  ჩართულობის არსებული მექანიზმები არ იძლევა იმის გარანტიას, რომ მუნიციპალიტეტისთვის მიწოდებული საკითხი აუცილებლად გადაიჭრება. ან უშუალოდ მექანიზმები არის ძალიან რთული. პრობლემა იდგა პეტიციასთან დაკავშირებით. ადგილობრივი თვითმმართველობისთვის პეტიციის წარსადგენად რეგისტრირებული ამომრჩევლის 1%-ის ხელმოწერა იყო საჭირო. მაგალითად, ზუგდიდში, როცა ქალაქი და თემი, შესაბამისად, მოსახლეობის რაოდენობაც გაყოფილი იყო, ამ 1%-ის მოგროვება სირთულეს არ წარმოადგენდა, მაგრამ გაერთიანების შემდეგ, მოსახლეობის რიცხოვნობის გაზრდის გამო, გაცილებით მეტი ხელმოწერის მოგროვება გახდა საჭირო. ცოტა ხნის წინ ეს 1%-იანი სტანდარტი მუნიციპალიტეტმა გაანახევრა, 0,5%-მდე დაწია და დღეს, დაახლოებით, 620 ადამიანის ხელმოწერაა საჭირო, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას პეტიციით მიმართონ.

მოქალაქეებს უნდა მივაწოდოთ მეტი ინფორმაცია ჩართულობის აუცილებლობასთან დაკავშირებით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტმა შემოიღოს ელექტრონული პეტიციის სისტემა, რადგან ეს მოქალაქეს თვითმმართველობასთან კომუნიკაციას გაცილებით გაუმარტივებს. ეს საკითხი ზუგდიდში განიხილებოდა, მაგრამ, ჯერჯერობით, მიღებული არ არის.

კიდევ ერთი პრობლემა, რაც ჩართულობის კუთხით დგას,  ეს არის დასახლების საერთო კრება. კრების ჩატარებისთვის მოქალაქეებს ძალინ რთული ბიუროკრატიული პროცედურების გავლა უწევთ. კრების ჩატარების ორი მექანიზმი არსებობს: პირველი – მოქალაქეების ინიციატივით, ხოლო მეორე – მერის მოწვევით. მერის ინიციატივით კრება თითქმის ყველა სოფელში ჩატარდა, მაგრამ არა უშუალოდ მოქალაქეთა ინიციატივით. ამ შემთხვევაში, მთელი რიგი ბიუროკრატიული პროცედურებია გასავლელი. ამომრჩეველთა 5%-ის ხელმოწერაა შესაგროვებელი, მერე საჭიროა, რომ დასახლებაში მცხოვრებთა 20% დაესწროს და ა.შ. იმდენად ბევრი პროცედურაა, რომ  ამ ბარიერების გადალახვა ძალიან რთულია.

ვფიქრობთ, რომ დასახლების საერთო კრების მოწვევისათვის დაწესებული ორი ვალდებულება1. ამომრჩეველთა 5% ხელმოწერით დადასტურებული მოთხოვნა კრების მოწვევის თაობაზე და მეორე ის, რომ კრება უფლებამოსილია მხოლოდ მაშინ, თუკი მას ესწრება ამომრჩეველთა არანაკლებს 20%, მნიშვნელოვნად ართულებს მისი მოწვევის და ჩატარების შესაძლებლობებს, ცალკეულ დასახლებებში ამომრჩეველთა დიდი რაოდენობის გამო, ცალკეულ სოფლებში კი იმის გამო, რომ შესაძლებელია რეგისტრირებული ამომრჩევლის 20% არ ცხოვრობდეს მისი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, ასევე, შესაძლებელია, მოქალაქეთა მცირე ჯგუფის ინტერესი დასახლების საერთო კრების მოწვევის შესახებ, არ ემთხვეოდეს ამომრჩეველთა 20%-ის ინტერესებს. ამიტომაც ვფიქრობთ, რომ აუცილებელია დასახლების საერთო კრების მოწვევის შესაძლებლობა მიეცეთ ამომარჩეველთა უფრო მცირე ჯგუფებსაც.

ამასთან, საკრებულოს წევრთა შეხვედრები ამომრჩეველთან უფრო აქტიური უნდა იყოს. როდესაც მოსახლეობა მაჟორიტარს ირჩევს, ის კონკრეტულად მათ წინაშეა ანგარიშვალდებული და პერიოდულად უნდა მიაწოდოს ინფორმაცია, იმ კონკრეტულ პრობლემებთან დაკავშირებით, რაც ამ ადამიანებს აწუხებთ, როგორ მუშაობს ადგილობრივი თვითმმართველობა და  ა.შ.

– მოსახლეობის ინფორმირებულობა თუ არის მთავარი პრობლემა, რატომ არ გვარდება, რა არის ამის ხელისშემშლელი ფაქტორი?

–  შესაძლოა, მოსახლეობას არ აქვს სურვილი, ან არ აქვს გარანტია, რომ, თუკი საკითხს დააყენებენ,  გადაიჭრება. ამიტომ ვფიქრობ, მუნიციპალიტეტმა უფრო აქტიურად უნდა იმუშაოს, უფრო ხშირად უნდა შეხვდეს მოქალაქეებს, უფრო მეტად დაუახლოვდეს. თუნდაც, ბიუჯეტის შემუშავების პროცესი როდესაც მიმდინარეობს, კარგი იქნება, თუკი პროექტის წარდგენამდე შეხვდებიან მოქალაქეებს ყველა სოფელში და მოისმენენ, კონკრეტულად რა საკითხების გადაწყევტა სურთ. შემდეგ უკვე მიიღებენ პროგრამულ ბიუჯეტს, რომელიც ყველა იმ საკითხს ასახავს, რაც მოქალაქეების მიერ იქნება წამოყენებული. დღეს ჩვენ გვაქვს ბიუჯეტი, რომელიც, რეალურად, არ არის პროგრამული, მიუხედავად იმისა, რომ ასე ჰქვია და არ არის დატანილი, კონკრეტულად სად რა უნდა გაკეთდეს. მუნიციპალიტეტი კია ვალდებული, პროგრამული ბიუჯეტი ჰქონდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, არ აქვს.

საკრებულო როგორ მუშაობს? იგივე მერიის კონტროლს რამდენად სრულფასოვნად ახდენს?

–  რაც შეეხება სხვა საქმიანობას, ჩვენ ვაკვირდებით, როგორ მუშაობს საკრებულო, რომელსაც ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს და ეს არის მერიის საქმიანობის კონტროლი. ჩვენ შარშან გამოვაქვეყნეთ ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს საქმიანობის შეფასება, იმავე კვლევას გამოვაქვეყნებთ ზუგდიდის თემის მუნიციპალიტეტზეც.

– რამდენად გამჭვირვალედ მუშაობს მუნიციპალიტეტი?  

–   არასამთავრობო ორგანიზაციებთან პერიოდულად თანამშრომლობენ. ჩვენ ვაწარმოებთ მთლიანი პროცესის  მონიტორინგს. როდესაც გამოიკვეთება კონკრეტული პრობლემა, ვმუშაობთ ამ პრობლემის მოგვარების რეკომენდაციებზე და ვაწვდით მუნიციპალიტეტს. თუ მუნიციპალიტეტი წამოგვყვა თანამშრომლობაზე, რა თქმა უნდა, მათთან ვთანამშრომლობთ და უკვე დამატებით კონსულტაციას ვუწევთ, როგორ შეიძლება, ეს კონკრეტული საკითხი გადაწყდეს.

მაგალითად, ზუგდიდის საკრებულოს არ ჰქონდა საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი მიღებული. ჩვენ მივმართეთ მას რეკომენდაციით და ეს წესი მიიღეს. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ყველა ის ინფორმაცია, რომლის გამოქვეყნების ვალდებულებაც დადგენილებით განისაზღვრა, გახადონ საჯარო.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ჩვენ მუნიციპალიტეტთან ვმუშაობთ, არის თვითმმართველობების ვალდებულება, რომ შეცვალონ საბჭოთა ტოპონიმიკა. ჯერ კიდევ არის სოფლები და ქუჩები, რომლებიც დღემდე ატარებენ საბჭოთა, კომუნისტურ სახელებს. საკრებულომ გამოთქვა მზაობა, რომ ეს პრობლემა უახლოეს ხანებში გადაწყდება და ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე არ გვექნება არც ერთი ქუჩა და სოფელი, რომელიც საბჭოთა, კომუნისტური სახელის მატარებელი იქნება.

პერიოდულად ვსწავლობთ თანამდებობის პირთა მიერ შევსებული დეკლარაციების სისწორეს. ბოლო კვლევით, სამ თანამდებობის პირს არ ჰქონდა სრულად ასახული საკუთარი ქონება ან/და ბიზნესინტერესები, რის შესახებაც ინფორმაცია მივაწოდეთ საჯარო სამსახურის ბიუროს.

პერიოდულად ვატარებთ ტრენინგებს საჯარო მოხელეებისთვის. მაგალითად, ბოლოს გვქონდა ტრენინგი, სადაც მოხელეებთან ერთად ვიმსჯელეთ საჯარო სამსხურის ახალ კანონმდებლობაზე. ასევე, გვაქვს რადიოგადაცემაც, სადაც  ვმსჯელობთ ჩვენს რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებზე.

– რა არის მთავარი პრობლემა ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის წარმატებისთვის და რა უნდა გაკეთდეს ამის მოსაგვარებლად?

საჭიროა მეტი ფინანსური დეცენტრალიზაცია, რათა მუნიციპალიტეტებს ჰქონდეთ თვითკმარი ბიუჯეტი. თვითმმართველბებს უნდა ჰქონდე მეტი უფლებამოსილებები. აუცილებელია, რომ მუნიციპალიტეტმა მიიღს რეალურა პროგრამული ბიუჯეტი, რომელიც სრულად ადგილობრივ პრობლემესა და საჭიროებებზე იქნება ორიენტირებული.

მუნიციპალიტეტებმა უნდა ითანამშრომლონ სხვადასხვა დონორ ორგანიზაციებთან და ადგილობრივმა ხელისუფლებამ მათი რესურსი აქტიურად უნდა გამოიყენოს. ამ მხრივ არსებობს კარგი გამოცდილება და ამ გამოცდილების გათვალისწინება შეიძლება.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი ხელისუფლება უფრო ახლოს იყოს მოსახლეობასთან და იმუშაოს მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდაზე. ადგილობრივი ხელისუფლება უნდა მივიდეს მოქალაქესთან და, როდესაც მოქალაქე ნახავს, რომ მასთან ვიღაც მივიდა, რაღაცას ეკითხება და შემდეგ ამას ახორციელებს, რა თქმა უნდა, მასაც მოტივაცია გაუჩნდება, რომ აქტიურად ჩაერთოს ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში.

ყველაზე მთავარი პრობლემა კი არასაკმარისი დეცენტრალიზაციაა, როგორც ფინანსური, ისე უფლებამოსილების კუთხით და ცხადია, ამას ვერც ერთი მუნიციპალიტეტი ვერ გადაწყვეტს.  ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილების საკითხი, რომელიც აუცილებლად უნდა მოგვარდეს.

მსგავსი სიახლეები