მაია ცქიტიშვილი თვითმმართველობის შესუსტებასთან დაკავშირებით პრეზიდენტს არ ეთანხმება

961

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას თვითმმართველობების შესუსტებასთან დაკავშირებით არ იზიარებს და აცხადებს, რომ მარგველაშვილისგან არასწორი შეფასებები მოისმინა.

“პრეზიდენტისგან არაერთხელ მოვისმინეთ, რბილად რომ ვთქვათ, არასწორი შეფასებები, მათ შორის, თვითმმართველობის დასუსტებასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, პრეზიდენტს დაავიწყდა, რომ სწორედ “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში მივიღეთ “თვითმმართველობის კოდექსი”, ჩვენ გავაძლიერეთ თვითმმართველობის არჩევნები”, – აცხადებს ცქიტიშვილი.

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა, პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, მთავრობა და პარლამენტი თვითმმართველი ქალაქების გაუქმების გამო კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

როგორც ცნობილია, საქართველოს ხელისუფლებამ 7 თვითმმართველ ქალაქს – თელავს, გორს, მცხეთას, ახალციხეს, ოზურგეთს, ზუგდიდსა და ამბროლაურს თვითმმართველი ერთეულის სტატუსი გაუუქმა და ისინი სათემო მუნიციპალიტეტებთან გააერთიანა.

სტატუსის ჩამორთმევას ადგილობრივი მოსახლეობა და სამოქალაქო სექტორი აპროტესტებდა. ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილებას, საწყის ეტაპზე, არ იზიარებდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც – ამ ქალაქების მერები და საკრებულოს წევრები.

მათგან თელავის და მცხეთის საკრებულოებმა ცენტრალურ ხელისუფლებას ოფიციალურად მიმართეს და სთხოვეს, ქალაქებისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსი შეენარჩუნებინათ. ამის მიუხედავად, მოგვიანებით, შვიდივე ქალაქის, ისევე, როგორც შვიდი სათემო მუნიციპალიტეტის საკრებულომ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას მხარი ერთხმად დაუჭირა, თუმცა, საკრებულოს სხდომები პროტესტისა და ხმაურის ფონზე წარიმართა.

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს ვეტო დაადო, თუმცა, პარლამენტმა ვეტო დაძლია და 2017 წლის ბოლოდან საქართველოში მხოლოდ 5 თვითმმართველი ქალაქი არსებობს.