ახალციხის მოსახლეობა მაისიდან ნარჩენების მოსაკრებელს გადაიხდის

989

პირველი მაისიდან ახალციხეში მცხოვრებლები დასუფთავების გადასახადს გადაიხდიან. მიმდინარე კვირის ბოლომდე მერია ქვითრების დარიგებას დაიწყებს. ერთ სულ მოსახლეზე გადასახადი 50 თეთრია, თუმცა ოჯახს ორ ლარზე მეტის გადახდა არ მოუხდება.  ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

რაც შეეხება იურიდიულ პირებს, მათთვის ტარიფები საქმიანობის მიხედვით, სხვადასხვაგვარად განისაზღვრება.

„ოჯახს ერთი ქვითარი მიუვა, სადაც თვისა და წლის გადასახადი ერთად იქნება გაანგარიშებული და მათ სურვილზე იქნება დამოკიდებული მთელი წლის მოსაკრებელს ერთდროულად დაფარავენ თუ ყოველთვიურად გადაიხდიან “, – ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის ეკონომიკური დაგეგმვის ადგილობრივი მოსაკრებლებისა და გადასახადების განყოფილების ხელმძღვანელი გიორგი თედორაძე.

მისივე განმარტებით, ქვითარზე მითითებულ ანგარიშზე გადახდა ნებისმიერი ბანკიდან იქნება შესაძლებელი: „მხოლოდ „ლიბერთი ბანკში“ არ მოუწევთ საკომისიოს გადახდა, რადგან ჩვენ ამაზე უკვე შეთანხმებულები ვართ. აბონენტები მოსაკრებელს სწრაფი გადახდის აპარატებით ვერ გადაიხდიან“.

ახალციხის ადგილობრივმა თვითმმართველობამ სოფლებში ფიზიკური პირებიდან ნარჩენების მოსაკრებლის ამოღება ორი წლის წინ დაიწყო. ქალაქში კი, დაახლოებით, 10–წლიანი პაუზის შემდეგ, 1 მაისიდან განახლდა. თუმცა, ნარჩენების მოსაკრებლის გადასახადს იურიდიული პირები, სოფლებშიც და ქალაქშიც ყოველთვის იხდიდნენ. მიმდინარე წელს იურიდიული პირებიდან თვითმმართველობამ 40 000 ლარამდე მიიღო.