გორში მომსახურების გაუმჯობესების მიზნით ტურისტებთან გამოკითხვას ატარებენ

645

გორის მუნიციპალიტეტის ტურიზმის განყოფილების თანამშრომლები ტურისტებთან გამოკითხვებს ატარებენ. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

ტურიზმის განყოფილების წარმომადგენლის ცნობით, ინტენსიურად დაიწყო ზრუნვა გორის მუნიციპალიტეტში შემოსული ტურისტების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების საკითხებზე.

ამ მიზნით განყოფილების თანამშრომლების შემადგენლობით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელებიც სპეციალური კითხვარის მიხედვით აწარმოებენ უცხოელი ტურისტების გამოკითხვას.

,,გამოკითხვის შედეგები თვალნათლივ დაგვანახვებს, თუ მომსახურების რომელ სფეროში რა მდგომარეობაა, რა უნდა გამოსწორდეს სამომავლოდ და რით დავაინტერესოთ ტურისტები. ყოველი თვის ბოლოს შეჯამდება კვლევის შედეგები, ხოლო არსებული ხარვეზები გამოსასწორებლად გადაეგზავნება შესაბამის ორგანიზაციებსა და უწყებებს.” – აღნიშნავენ სააგენტოს ტურისტულ განყოფილებაში.