10 მაისიდან თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში მომსახურების ახალი სტანდარტები ინერგება

545

10 მაისიდან თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში მომსახურების ახალი სტანდარტები ინერგება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე თქვა.

კალაძის თქმით, ცვლილების მიზანი იმ ხარვეზებისა და სისტემური პრობლემების აღმოფხვრაა, რომლებიც როგორც საშემსრულებლო, ისე მენეჯმენტის რგოლში არსებობს.

“დღეს უკვე დასრულებულია მერიის ცენტრალური აპარატის რეორგანიზაცია, რამაც თავისი შედეგი გამოიღო და ამას მოსახლეობა დაინახავს მომდევნო თვეებისა და წლების განმავლობაში. დღეს მინდა ვისაუბრო არქიტექტურის სამსახურში არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებზე, რომლის ადრესატები ბიზნესსექტორი და არქიტექტურის სფეროში მომუშავე ადამიანები არიან. ჩვენ მიერ გამოვლენილია ყველა ის პრობლემური საკითხი, რომელიც მათ აწუხებთ; ყველა ის მიზეზი, რომელიც ამ პრობლემების გამომწვევია და შექმნილია კონკრეტული ინსტრუმენტები და მექანიზმები მათ დასაძლევად. რა იყო ძირითადად ეს პრობლემები, რაც გარკვეულწილად სერიოზულ უკმაყოფილებას იწვევდა – ეს იყო მომსახურების ვადების სისტემური დარღვევა, არაერთგვაროვანი გადაწყვეტილებები, ერთი და იმავე საკითხის რამდენჯერმე დახარვეზება და ა.შ. თუმცა უნდა ვთქვათ, რომ ყველა ეს პრობლემა მოგვარებულია. გარკვეული ნაწილი მოგვარების პროცესშია.

10 მაისიდან ჩვენ არქიტექტურის სამსახურში შევუდგებით მომსახურების ახალი სტანდარტის დანერგვას და ამ გზით დავიწყებთ იმ ხარვეზებისა და სისტემური პრობლემების აღმოფხვრას, რომლებიც არსებობს როგორც საშემსრულებლო, ისე მენეჯმენტის რგოლში. დარწმუნებული ვარ, პრობლემებზე რომლებზეც ვსაუბრობთ, რომლებიც საქალაქო სამსახურებშია, არასდროს თვალს არ დავხუჭავთ. ნაბიჯები გადადგმული იქნება იმისკენ რომ ყველა ეს პრობლემა მოგვარდეს”,- განაცხადა კახა კალაძე.