მარნეულის სოფელ წერეთელში 9 აპრილის სახელობის სკვერი კეთდება

917

მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ წერეთელში სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყო. მარნეულის მერიის ცნობით, პროექტით წარმოდგენილი კონცეფცია მოსახლეობის ინიციატივით, ჩართულობითა და იდეებით არის მომზადებული.

პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია ტერიტორიის ზონებად გამიჯვნა, კერძოდ კი გამოიყოფა მემორიალის ისტორიული ზონა და ყოველდღიური თანამედროვე ზონა.

მერიის ცნობით, პირველ ზონაში განხორციელდება 9 აპრილის მემორიალის რესტავრაცია და მოპირკეთება. გათვალისწინებულია არსებული განათების დიზაინის განახლება-შეცვლა, საპროექტო ტერიტორიის ღობის განახლება და რეკონსტრუქცია. რაც შეეხება მეორე ზონას, დაყოფილი იქნება რამდენიმე ნაწილად, კერძოდ კი ცენტრალური შესასვლელი, აუზის სივრცე ყვავილების გაზონითა და სასმელი წყლის შადრევნით, სპორტული აქტივობების სივრცე, საბავშვო ატრაქციონების სივრცე ფერადი საფარით, მშობლების და სამკითხველო სივრცე, წიგნების ყუთებითა და განათებით, ზრდასრულთა გასართობი სივრცე შესაბამისი ავეჯით და ახალი ხე-ნარგავებით, მოსასვენებელი სივრცე დახურული სკამ-საქანელით და ახალი ხე-ნარგავებით, ბავშვთა მოსასვენებელი სივრცე დეკორატიული მორებით,სცენა და ტრიბუნის ტიპის სამაყურებლო.

სოფელში გასართობ–შემეცნებითი სკვერის მოწყობის იდეა, პროექტ „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში იქნა წარმოდგენილი, რომელიც ერთ–ერთ საუკეთესო იდეად დასახელდა.