თბილისის საკრებულომ, შესაძლოა, ვარდების მოედანს სახელი შეუცვალოს

1106

თბილისის საკრებულო ახალი ინიციატივით გამოდის, რომლის მიხედვითაც, თბილისში, ვარდების მოედანს შესაძლოა, სახელი შეეცვალოს და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სახელი მიენიჭოს.

“თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო, პირველი რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გამოდის ინიციატივით, რომ „ვარდების რევოლუციის“ მოედანს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მოედანი ეწოდოს.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე, 26 მაისი და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილე ჩვენი ქვეყნის და საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი თარიღია.

სწორედ ამიტომ თბილისის საკრებულოს ინიციატივაა, რომ დედაქალაქის ერთ-ერთ მთავარ მოედანს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სახელი ეწოდოს”, – ამბობენ დედაქალაქის საკრებულოში.

ამ საკითხზე თბილისის საკრებულოს წევრები 2 მაისის სხდომაზე იმსჯელებენ.

ამავე იდეით ცოტა ხნის წინ პროექტის – “შენი იდეა ქალაქის მერს” – ფარგლებში კახა კალაძეს მოქალაქე ნიკა ხარაიშვილმაც მიმართა. ხარაიშვილის იდეას 2500 ადამიანზე მეტი უჭერს მხარს, რაც, პროექტის წესების თანახმად, იმას ნიშნავს, რომ მერიამ აღნიშნული ინიციატივა უნდა განიხილოს.