ქუთაისის მერმა მუშაობის 100 დღე შეაჯამა

932

მერად მუშაობის 100 დღე გიორგი ჭიღვარიამ მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს გააცნო.  პრეზენტაცია უმეტესად ვიდეოს სახით იყო წარმოდგენილი, სადაც გიორგი ჭიღვარიამ იმ პროექტებზე ისაუბრა, რომელიც მისი მერობის დროს განხორციელდა. ინფორმაციას “ქუთაისი პოსტი” ავრცელებს.

ქალაქში აქტიური სამუშაოები ჩატარდა გარევაჭრობის მოგვარების და ინფრასტრუქტურული პროექტების კუთხით. ასევე, რამდენიმე კულტურული და სპორტული ღონისძიების ორგანიზება მოხდა.

მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ აღნიშნა, რომ ქუთაისში რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია ერთ-ერთი პრიორიტეტული პროექტია, რომლის განხორციელებას ცენტრალური ხელისუფლებაც დადებითად აფასებს. მისი თქმით, რიონისპირა სახლების რეაბილიტაციისთავის აქტიური სამუშაოები მიმდინარებს.

ქუთაისის მერმა აღნიშნა, რომ მსგავსი შემაჯამებელი შეხვედრები მომავალშიც გაიმართება.

მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი, გიორგი ჭიღვარია, ქუთაისის მერად 2017 წლის 12 ნოემბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში აირჩიეს. მან პირველ ტურში 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახა. პირველი ტურის შედეგების მიხედვით, გიორგი ჭიღვარიამ ხმების 48.66% მიიღო, ხოლო მისმა კონკურნეტმა “ნაციონალური მოძრაობიდან, გრიგოლ ვაშაძემ -27.04 %.

მეორე ტურში კი, სადაც ქუთაისში რეგისტრირებული 152 561 ამომრჩევლიდან არჩევნებზე მხოლოდ 17.98 % მივიდა, გიორგი ჭიღვარიამ 87.55%-იანი მხარდაჭერა მიიღო. გრიგოლ ვაშაძემ კი ხმების 12.45% დააგროვა.

გიორგი ჭიღვარია მერის პოსტზე მუშაობას მიმდინარე წლის 29 ნოემბერს შეუდგა.