აზიის განვითარების ბანკი რიკოთის საუღელტეხილო გზის ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობას დააფინანსებს

711

აზიის განვითარების ბანკი (ADB) რიკოთის საუღელტეხილო გზის, ხევი-უბისას 12.2 კმ-იანი მონაკვეთის (II სექცია) მშენებლობას დააფინანსებს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქარსელაძემ აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებთან ერთად, ხევი-უბისას მონაკვეთის დაფინანსების საკითხი ბანკის მიერ უკვე დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები განიხილა.

უწყების ინფორმაციით, აზიის განვითარების ბანკი ასევე ქობულეთის და ბათუმის შემოვლითი გზების მშენებლობას, ქვეშეთი-კობის (EBRD-თან ერთად) და ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზების რეკონსტრუქცია-მშენებლობას აფინანსებს. აზიის განვითარების ბანკმა საქართველოში, ბოლო 10 წლის განმავლობაში 2 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.