“მენაშენეთა ასოციაცია”: თბილისის დამახინჯებაში დამნაშავე ყველაა

959

“თბილისის 80% დამახინჯებულია და ამაში ყველას გვაქვს მიღებული მონაწილეობა”, – ამის შესახებ „მენაშენეთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, ირაკლი როსტომაშვილი თბილისის იერსახესთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობაზე  გავრცელებულ განცხადებაში წერს. მის განცხადებას IPN-ი ავრცელებს.

„მთავრობას, იგულისხმება ნებისმიერი მთავრობა, თავის დროზე სხვადასხვა პოლიტიკური დივიდენდის მისაღებად, არჩევნების წინ, ან ვინმე გავლენიანი პირისთვის შეღავათის გაკეთების მიზნით, ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის ქალაქის დამახინჯებაში. მათ გასცეს ნებართვა ან/და თვალი დახუჭეს უკანონო მშენებლობაზე.
აქ საქმეში დეველოპერების წილიც დიდია, რომლებიც მოგების მაქსიმიზაციაზე არიან ორიენტირებულები, მაგრამ მათი როლი ბევრად ნაკლებია, ვიდრე დღეს ამას საზოგადოება აღიქვამს – საერთო ჯამში, კომუნისტური რეჟიმის შემდეგ, დაახლოებით 20%-ით გაიზარდა საბინაო ფონდი. შესაბამისად, დეველოპერების მაქსიმალური წილი საერთო დამახინჯებაში შეიძლება მხოლოდ 20% იყოს. რეალურად კი, ამაზე ნაკლებია – ვინაიდან ყველა დეველოპერი არ სცოდავდა”, – ამბობს როსტომაშვილი.

მისი თქმით, დედაქალაქის დამახინჯებაში თბილისის მთავრობასთან ერთად მოსახლეობაც დამნაშავეა იმ მიშენებების, ამოშენებული აივნების, ბეტონებისა თუ რკინის ავტოფარეხების გათვალისწინებით, რაც დამახინჯებული გარემოს 80%-ია.

„რეალობა არის ის, რომ ჩვენ, ყველას, ნაკლებად გვაქვს ქალაქის მიმართ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება – თუ არ ჩავთვლით სადღეგრძელოებს, შინაგანად ძალიან მკაფიოდ გვაქვს ზღვარი გავლებული ჩვენს საკუთრებასა და დანარჩენ ქალაქს შორის. საკუთარ ქონებას ვზრდით დანარჩენი ქალაქის ხარჯზე. და მივიღეთ კიდეც ასეთი სურათი” – აცხადებს „მენაშენეთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილი.

“მენაშენეთა ასოციაციაში” მიაჩნიათ, რომ თბილისის იერსახის დამახინჯებაში 99%-ით პასუხისმგებელია ხელისუფლება. ირაკლი როსტომაშვილის თქმით, თბილისის სამშენებლო სექტორში იგივე პროცესები მიმდინარეობს, რაც 90-იან წლებში დედაქალაქის ქუჩების „ჯიხურიზაციის“ დროს იყო.

„მახინჯ მემკვიდრეობად რჩება თბილისში კომუნისტური მმართველობის დროს აშენებულ კორპუსებზე მიშენებული აივნები და ოთახები, რომელთა დემონტაჟი პრაქტიკულად შეუძლებელია, კერძო საკუთრების უფლების გამო. ამ შემთხვევაშიც, თავის დროზე, გარკვეული უკანონო გზებით მიიღო მოსახლეობამ მიშენებების ნებართვა. ამასთანავე, აღნიშნული მიშენებები დიდი რისკის მატარებელია და მიწისძვრის, ან კონსტრუქციული ხარვეზის გამო უდიდეს საფრთხეს უქმნის ათიათასობით მოქალაქის სიცოცხლეს”, – აღნიშნავს „მენაშენეთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილი.