თბილისში, წერეთლის 99-სა და 101-ის ეზოებში, ავტოფარეხის ადგილას გამწვანებული სივრცე გაკეთდება

781

თბილისში, წერეთლის გამზირის №99-სა და №101-ს შორის მდებარე ეზოში ავტოფარეხების ნაცვლად გამწვანებული სივრცე მოეწყობა.

თბილისის მერიის ცნობით, ამის შესახებ კახა კალაძემ დღეს წერეთლის N99-ის მცხოვრებლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. თბილისის მერის თქმით, სკვერის კეთილმოწყობის ყველა ხარჯს თავის თავზე თბილისის მერია აიღებს.

„მოსახლეობა გამოეხმაურა ჩვენს ინიციატივას და გამოთქვა თანხმობა ავტოფარეხების აღებასთან დაკავშირებით. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მცხოვრებს ამ წამოწყებისთვის. ამ კონკრეტულ ადგილზე ჩვენი შეთავაზება იყო, გაგვეკეთებინა სკვერი ან სპორტული მოედანი. მოსახლეობამ სკვერი აირჩია. ყველა ხარჯს თავის თავზე თბილისის მერია აიღებს. ჩვენ მოვაწყობთ ერთ-ერთ საუკეთესო გამწვანებულ სივრცეს აქ მცხოვრები ადამიანებისთვის. ვფიქრობ, რომ ეს იქნება გადამდები. ჩვენ გვჭირდება მეტი გამწვანებული სივრცე, რათა გამოვასწოროთ არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა. რა თქმა უნდა, მხოლოდ ამ პროექტებით ვერ შევძლებთ არსებული მდგომარეობის გამოსწორებას. თბილისის მერიას ბევრი საინტერესო, მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტი აქვს დაგეგმილი, თუმცა უბნების დონეზე მსგავსი პროექტების განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ მინდა ადგილობრივ მოსახლეობას მადლობა გადავუხადო. დარწმუნებული ვარ, ბევრი უბანი გამოეხმაურება ამ წამოწყებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დიდუბის რაიონის გამგებელის, ირმა ზავრადაშვილის განცხადებით, ავტოფარეხების დემონტაჟის მოთხოვნით დიდუბის გამგეობას მოსახლეობამ მიმართა. ზავრადაშვილის თქმით, თბილისის მერიის ინიციატივის შემდეგ, დიდუბის რაიონში მოსახლეობის მხრიდან ეს უკვე მეორე შემთხვევაა. 

ირმა ზავრადაშვილის განცხადებით, მსგავსი წინადადება აქვთ ასევე წერეთლის №103-სა და №97-ის მცხოვრებლებს.