გელათის მონასტრის რესტავრაცია გრძელდება

1595

გელათის მონასტრის კონსერვაციის გეგმის ფარგლებში, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კოორდინაციითა და ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით, გრძელდება იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ისტორიულ ძეგლზე სარესტავრაციო სამუშაოები.

მომზადებული პროექტის საფუძველზე, ფიზიკურ სამუშაოებს საქართველოში მოქმედი ავტორიტეტული და მაღალკვალიფიციური გაერთიანებების არქიტექტორ-რესტავრატორთა ჯგუფები ახორციელელბენ.

მსოფლიო ბანკის,მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ამერიკის საელჩოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის  ფინანსური მხარდაჭერით, უკანასკნელი წლების განმავლობაში, ძეგლის კონსერვაციისა და რეაბილიტაციის მიმართულებით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადაიდგა.

უწყების ინფორმაციით, ამჟამად გელათის მონასტრის ღმრთისმშობლის შობის ტაძრის არქიტექტურული სტუქტურების რესტავრაციის პროექტი მიმდინაროებს, რომელიც დასავლეთ და ჩრდილოეთ ფასადებზე არსებული კარნიზებისა და აფრების რეაბილიტაციასა და კონსერვაციას მოიცავს. გრძელდება ტრადიციული წესით მოჭიქული კარამიტით ღმრთისმშობლის სახელობის ტაძრის გადახურვა, რომლის დასრულება 2018 წელსაა დაგეგმილი.

მათივე ცნობით, მიმდინარეობს მთავარი ტაძრის ქვის კონსერვაციის სამუშაოები.

ასევე, მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც ახლო მომავალში ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის ფარგლებში დაიწყებს ფუნქციონირებას.

2016 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით შემუშავებული „ტერიტორიის განვითარების გეგმის“ მიხედვით დაწყებულია მონასტრის ტერიტორიის კეთილმოწყობა და მასზე არსებული მცირე ობიექტების რეაბილიტაცია.

“აღნიშნული გეგმის განხორციელება ერთ-ერთი მთავარ პრიორიტეტს წარმოადგეს, რომლის რეალიზაცია, ღვთისმშობლის ტაძრის არქიტექტურული სტრუქტურის რეაბილიტაციასა და ქვის კონსერვაციასთან ერთად, გელათის მონასტერს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ძეგლთა სიაში ჩააყენებს”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

2008 – 2017 წლების სარეაბილიტაციო სამუსაოების ფარგლებში 2009 წელს ფონდი „ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით რესტავრირდა გელათის აკადემიის შენობა და რეკონსტრიურდა მისი სახურავი.

2013 წელს რესტავრაცია ჩაუტარდა წმ. ნიკოლოზის ეკლესიას, სამრეკლოს, სამხრეთისა და აღმოსავლეთის კარიბჭეებს და  ამავე წელს განხორციელდა გელათის ღმრთისმშობლის ტაძრის წმ. მარინეს ეგვტერისა და სამხრეთ კარიბჭის კედლის მხატვრობის გადაუდებელი კონსერვაცია.

2014 – 2015 წლებში მომზადდა და განხორციელდა გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარი ტაძრის – ღვთისმშობლის შობის ეკლესიის გუმბათის გადაუდებელი საკონსერვაციო სამუშაოების წინასწარული კვლევა და პროექტი.

2015 წელს ჩატარდა მთავარი ტაძრის ჩრდილოეთ, სამხრეთ და დასავლეთ მკლავების ქვის კონსერვაცია.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით რესტავრირდა წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის სახურავი. სრული კონსერვაცია ჩაუტარდა ეკლესიის კედლის მხატვრობას. სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითვე განხორციელდა ეპისკოპოს გაბრიელ ქიქოძის სახლის რესტავრაცია.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 9 იანვრის ბრძანებით დამტკიცდა გელათის მონასტრის გაფართოებული ბუფერული ზონა, რომლის ახლადდადგენილ საზღვრებში უკვე განხორციელდა სოხასტერის სამონასტრო კომპლექსის სრულმასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუსაოები.

აღსანიშნავია, რომ ყველა ჩამოთვლილი პროექტი შეთანხმებულია მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტსა და ICOMOS-სთან.

განხორციელებული და მიმდინარე სამუშაოები სრულ თანხვედრაშია UNESCO-ს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის რეგულაციებთან, რომელიც არაერთხელ დადასტურდა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მოვლენილი ექსპერტების მიერ.

სწორედ გელათის 2016 წლის კონსერვაციის მდგომარეობის დოკუმენტი და გელათის მონასტრის საზღვრების მნიშვნელოვანი მოდიფიკაციის დოსიე და განახლებული მართვის გეგმა გახდა ის ძირითადი კრიტერიუმი, რომლითაც საქართველოს წარმომადგენლობითმა მისიამ მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 41-ე სესიაზე უმნიშვნელოვანეს შედეგს მიაღწია, რომლის მიხედვით, 2017 წლის 10 ივლისს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა გელათის მონასტერი მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხაში დამოუკიდებელი სტატუსით დააბრუნა.