გზების დეპარტამენტი, ვალდებულებების შეუსრულების გამო, “სინოჰიდროს” აფრთხილებს

824

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე საზედამხედველო კომპანიის ინჟინრებთან ერთად, კომპანია „სინოჰიდროს“ წარმომადგენლებს შეხვდა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, შეხვედრაზე, ქობულეთის შემოვლითი გზის მე-2 მონაკვეთის მშენებლობის დასრულების დეტალები განიხილეს. რაც შეეხება „სინოჰიდროს“  მეორე პროექტს, სამტრედია-გრიგოლეთის მე-2 მონაკვეთს, უწყების ცნობით ამ მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაო მნიშვნელოვანი  ჩამორჩენით მიმდინარეობს, რის გამოც „სინოჰიდროს“ გზების დეპარტამენტმა გაფრთხილება მისცა.

უწყების ინფორმაციით, პრობლემების გამოსასწორებლად “სინოჰიდრომ” მზაობა გამოთქვა.

ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კომპანიას შესაბამისი სანქციები დაეკისრება.

„ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა უმოკლეს ვადებში დავასრულოთ, ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე დაწყებული ყველა მშენებლობა, რადგან ეს პროექტი უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და მოსახლეობის კეთილდღეობისთვის“- აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.