გორში, სადგურის დასახლებაში, მუშებს მშენებარე ბაღის ტერიტორია დაატოვებინეს

739

გორში, სადგურის დასახლებაში, ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა შეწყდა. მშენებარე კომპანიამ და მისმა თანამშრომლებმა ტერიტორია დატოვეს. მარაბდელის ქუჩის მიმდებარედ, ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა 2017 წლის გაზაფხულზე დაიწო და 6 თვეში უნდა დასრულებულიყო. ინფორმაციას “შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი” ავრცელებს.

გორის მერიაში ამბობენ, რომ სამშენებლო კომპანიამ ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა, შესაბამისად, ხელშეკრულება შეწყდა. გორის მერის მოადგილის, გელა კაპანაძის განცხადებით, მერია იმ კომპანიასთან თანამშრომლობას აღარ აპირებს, რომელმაც სამუშაოების დასრულებისთვის ვადების გადაწევა 3 – ჯერ მოითხოვა, პროცესების გაჭიანურებით კი ადგილობრივი მოსახლეობა დაზარალდა.

ბაღების გაერთიანების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ლია კოვზიაშვილი ამბობს, რომ ახალი ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება და სამუშაოებს გამარჯვებული კომპანია გააგრძელებს.

სამუშაოების დროულად დაუსრულებლობის გამო მერიამ კომპანიის წინააღმდეგ საჯარიმო სანქციები აამოქმედა, რომლის გადახდა, პირგასამტეხელოს სახით, კომპანიას მოუწევს. წინააღმდეგ შემთხვევაში თანხის ამოღება სასამართლოს გზით მოხდება.

მერია ტენდერს ისევ გამოაცხადებს, ბაღის მშენებლობისთვის 560 000 ლარი იყო გამოყოფილი.