ხაშურსა და მცხეთაში ავტობუსის ორ გაჩერებას კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა

804

საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ავტობუსის ორ გაჩერებას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. შესაბამისი ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში დღეს გამოქვეყნდა.

კულტურული  მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტეზერსა და მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ქანდაში მდებარე ავტობუსის გაჩერებებს.

გაჩერებები მე-20 საუკუნის 70-იან წლებში აშენდა.

ბრძანებას ხელს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი დავით ლომიტაშვილი აწერს.