თეთრწყაროში ტურიზმის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობენ

642

26 აპრილს, თეთრიწყაროს მერიაში გამართულ შეხვედრაზე, ტურიზმის საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტის პირველადი ვერსია განიხილეს.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფის წევრებმა მუნიციპალიტეტში ტურიზმის დარგში არსებული მდგომარეობის შესახებ იმსჯელეს და ის პრიორიტეტები განიხილეს, რომელიც შემდგომ სტრატეგიის დოკუმენტში აისახება.

“თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, თავისი ისტორიით, მრავალფეროვნებით, კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობითა და კლიმატური პირობებით, გამორჩეული მხარეა. არსებული რესურსების გათვალისწინებით, ადგილობრივი თვითმმართველობისათვის ტურიზმის განვითარება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

უწყების ცნობით, განვითარების სტრატეგიით გათვალისწინებული თანმიმდევრული ღონისძიებების განხორციელების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტში შესაძლებელია ტურიზმის დარგის მდგრადი განვითარება და ტურისტების მოზიდვა, რაც ხელს შეუწყობს თეთრიწყაროს პოპულარიზაციასა და მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

აღსანიშნავია, რომ სტრატეგიის დოკუმენტზე მუშაობის დასრულების შემდგომ, მას საჯაროდ განიხილავენ. საბოლოო ვერსიას კი საკრებულო დაამტკიცებს.