ქუცნაშვილი: თიანეთში 20 მოხელე უკანონოდაა დანიშნული, ბიუჯეტი კი გაფლანგულია

645

თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატის ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, თიანეთის მუნიციპალიტეტში 20 მოხელე უკანონოდ არის დანიშნული. მისი თქმით, ადგილობრივი ბიუჯეტი გაფლანგული, მუნიციპალიტეტი კი გაჩერებულია. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

“მუნიციპალიტეტის არაკომპეტენტური მერის 92 საშტატო ერთეულიან დაწესებულებაში უკვე მეორე თვეა 20 მოხელე უკანონოდ მუშაობს. შედეგად იფლანგება რამდენიმე ათასი ლარი. ყველა სხვა ადამიანს სამუშაო ადგილის მოპოვების კანონიერი შესაძლებლობა წაერთვა. კანონი ზღუდავს დამხმარე ამოცანის შესრულებისათვის შრომითი ხელშეკრულებით ასაყვან პირთა რაოდენობას – ის არ შეიძლება აღემატებოდეს მუნიციპალიტეტის მთლიანი საშტატო რაოდენობის 5%-ს, რაც თიანეთის შემთხვევაში 5 მოხელეს წარმოადგენს. დღეის მდგომარეობით კი, მათი საერთო რაოდენობა 25 აღწევს. უკანონოდ დანიშნული 20 ადამიანი უკვე მეორე თვეა ასევე უკანონოდ იღებს ფულს, რაც სხვა არაფერია თუ არა უფლებამოსილების გადამეტებით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვა. კანონის პირდაპირი მოთხოვნების უგულებელყოფის გზით დანიშნული მოხელეების სამართლებრივი აქტები იურიდიულად ბათილია და სახელმწიფოსადმი მიყენებული ზიანი ანაზღაურებას მოითხოვს“, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თიანეთის მერი თამაზ მეჭიაურია, ქართული ოცნების ყოფილი წევრი, რომელმაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატი დაამარცხა.