1 მაისს გადაწყდება, გაეზრდებათ თუ არა მეტროპოლიტენის მემანქანეებს ხელფასი

595

წინა სტატია

თბილისის მერია 1 მაისს გადაწყვეტს, გაუზრდის თუ არა მეტროპოლიტენის მემანქანეებს ხელფასს, რასაც მემანქანეები აპრილის დასაწყისიდან ითხოვენ. ამის შესახებ ინფორმაციას “ლიბერალი” ავრცელებს.

დღეს თბილისის ვიცე-მერი, ჯანდაცვის სამინისტროს მედიატორსი და მემანქანეების პროფკავშირი ერთმანეთს შეხვდა. ვიცე-მერმა მათ განუცხადა, რომ სამშაბათამდე მერიაში დაიანგარიშებენ, რა სახის ფულად ხარჯზეა საუბარი და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებენ.

18 აპრილს მეტროს მემანქანეებმა დააანონსეს, რომ 23 აპრილს მათი წინასაგაფიცვო პერიოდი ამოიწურებოდა. ხელფასის გაზრდაზე კომპანიისგან უარის შემთხვევაში კი, გაიფიცებოდნენ. თუმცა, მოლაპარაკებებში თბილისის მერიაც ჩაერთო, რომელიც „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” მფლობელია. ამიტომ ჯანდაცვის სამინისტრომ მედიაცია ერთი კვირით გადადო და დღეს სწორედ ამ მიზეზით,  ერთმანეთს შეხვდნენ ვიცე-მერი – ირაკლი ხმალაძე, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დანიშნული მედიატორი – ნათია ჩიტოშვილი და მემანქანეების პროფკავშირის, „ერთობა 2013-ის“ ადვოკატი, ბექა ბადრიშვილი.

როგორც პროფკავშირის წარმომადგენელმა თქვა, მემანქანეები დაელოდებიან მერიის გადაწყვეტილებას.

დღეისთვის მემანქანეთა საშუალო თვიური ხელფასი საშემოსავლო გადასახადის გარეშე, 1150 ლარია. 16 აპრილს თბილისის მერმა კახა კალაძემ თქვა, რომ მეტროპოლიტენის მემანქანეებისთვის ხელფასის გაზრდა არ იგეგმება.

“„მემანქანეებისთვის ხელფასების გაზრდა არ იგეგმება, რადგან მათ საკმარისი ხელფასი აქვთ – დაახლოებით, 1200, 1300, 1400, 1500 ლარი, გააჩნია მემანქანეს. ზოგადად, მინდა ვთქვა, რომ გვაქვს მთელი რიგი მიმართულებები, სადაც ხელფასების თვალსაზრისით სერიოზული პრობლემებია, თუნდაც ბაღების მიმართულებით”, – დასძინა თბილისის მერმა.