პრემიერი: გამყოფ ხაზთან სოფლებში 91 მილიონი ლარის პროექტები შესრულდა

687

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, რეგიონის გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტისთვის დახარჯულმა თანხამ, 2013 წლიდან დღემდე 91 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. დაიგო ახალი გზები, განხორციელდა წყალმომარაგების, გაზიფიცირების და ნაპირდაცვითი სამუშაოები.

ასევე, პრემიერმა აღნიშნა, რომ გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ რუხში დასრულდა მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა, რომელიც იქნება უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი თანამედროვე სამედიცინო ცენტრი და აქვე აღნიშნა, რომ სამედიცინო ცენტრი რეგიონის მოსახლეობასთან ერთად ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ მოქალაქეებსაც მოემსახურება.

“თქვენ იცით, რომ ჩვენ შევიმუშავეთ ახალი სამშვიდობო ინიციატივა -„ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”. ეს ინიციატივა ითვალისწინებს კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც მიზნად ისახავს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და გამყოფი ხაზების გასწვრივ კონტაქტების, მიმოსვლის, საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობების, ვაჭრობის წახალისებას. იმედი მაქვს, ეს და სხვა კონკრეტული პროექტები გახდება ჩვენი შერიგების პოლიტიკის ეფექტიანი ინსტრუმენტები ურთიერთობების აღდგენისა და დაახლოებისთვის ეფექტური ნაბიჯები. რა თქმა უნდა, ეს სათანადოდ აისახება სამეგრელოში მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ პირობებზეც”, – აღნიშნა პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა, სიტყვით გამოსვლისას.