თბილისის მეტროს 300-მდე თანამშრომელი გაფიცვას გეგმავს

562

“თბილისის მეტროპოლიტენის 300-მდე თანამშრომელი, რომელთა ძირითად ნაწილსაც მემანქანეები წარმოადგენენ, შესაძლოა, გაიფიცოს”, – განაცხადა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის “ერთობა 2013”-ის თავმჯდომარემ, რატი კაპანაძემ. ინფორმაციას “ყველა სიხალე” ავრცელებს.

სწორედ ამ კავშირის წევრები არიან ის თანამშრომლები, რომლებიც, ხელფასის გაზრდის მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, გაფიცვას გეგმავენ.

“ჩვენი მოთხოვნაა ხელფასის 45%-ის მომატება. თუ ვერ შევთანხმდით, გადავალთ რადიკალურ ქმედებაზე. ჩვენ თუ შევხედავთ, რომ მოლაპარაკებები ჩიხშია, შევიტანთ განცხადებას იმის თაობაზე, როდის დაიწყება გაფიცვა. ეს პრობლემები, რასაც ჩვენ ვაყენებთ, მთლიანი მეტროპოლიტენის თანამშრომელთა პრობლემებია. ეს გაფიცვა ახლა არ დაწყებულა, ეს არის 2016 წლიდან დაწყებული პროცესი, მაშინ 3 საკითხი გვქონდა დასმული, ერთ-ერთი იყო ხელფასის მომატება, მაგრამ, სამწუხაროდ, მაშინ დავთმეთ პოზიციები. ხელფასის მატებასთან დაკავშირებით მაშინ იმიტომ დავთმეთ, რომ ჩაიწერა ასეთი პუნქტი შეთანხმებისას, რომ 2017 წელს უნდა მომხდარიყო ტარიფის ზრდა. სამწუხაროდ, მთელი ორი წელი გამოვიყენეთ დიალოგის რეჟიმში, მაგრამ შედეგი არ დადგა და ახლა ასეთ სიტუაციაში ვართ, რომ საგაფიცო პერიოდში ვიმყოფებით,” – განმარტა რატი კაპანაძემ.

მისი ინფორმაციით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და პროფკავშირს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაგრამ პოზიციების შეჯერება, ჯერჯერობით, ვერ მოხდა.