რუსთავში, კულტურის სახლის საწყობში, უნიკალური ფირები აღმოაჩინეს (ვიდეო)

1345

რუსთავში, კულტურის სახლის საწყობში, უნიკალური ფირები აღმოაჩინეს. ინფორმაციას “ინფორუსთავი” ავრცელებს.

ფილმი, სახელწოდებით “რუსთავი 40”, ზუსტად 30 წელია საწყობში ინახებოდა და რომ არა შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები, მის შესახებ უკვე არავის არაფერი ახსოვდა.

ფირი 5 ნაწილისგან შედგება და მასზე ასახულია კონკრეტული ოჯახის ცხოვრება, ასევე, ის ვითარება, რაც რუსთავში იმ დროისთვის – 1988 წელს იყო.

ასევე, ფილმში მოთხრობილია, თუ როგორ აღნიშნეს რუსთავის 40 წლის იუბილე, სად მიმდინარეობდა გრანდიოზული ღონისძიებები და როგორი იყო იმ დროის რუსთავი.

აღსანიშნავია, რომ რუსთავქალაქობა 1988 წლამდე ასეთი მასშტაბებით არ აღუნიშნავთ, ძირითადი ღონისძიებები გაიმართა ქალაქის ახალ შემოსასვლელთან, რუსთავი-თბილისის გზასთან, ფეხბურთის სტადიონზე და იმ უბნებში, სადაც ქალაქის განაშენიანება მიმდინარეობდა. ასევე, ფილმში ნაჩვენებია პატრიარქის ვიზიტი და ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის კურთხევა, მიკრო-რაიონების მშენებლობის პროცესი, ქალაქის და, ზოგადად, რუსთაველების საზოგადოებრივი და კულტურული ცხოვრება.

ფირები კულტურის სახლის საწყობის დარჯმა, ანგი მაისურაძემ 30 წლის წინ თბილისიდან ჩამოიტანა. ფილმის რეჟისორი – მ. ყიფიანი; სცენარის ავტორი – ნ. ღამბაშიძე; ოპერატორი – დ. ასათიანი; რედაქტორი – ა. ხუჭუა; სურათის დირექტორი – რ. მენთეშაშვილი.